20.08.2008: საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს (ერთკვირიანი სადეპოზიტო სერტიფიკატების საპროცენტო განაკვეთი) ერთი პროცენტული პუნქტით, 11 პროცენტამდე ამცირებს

20.08.2008: საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს (ერთკვირიანი სადეპოზიტო სერტიფიკატების საპროცენტო განაკვეთი) ერთი პროცენტული პუნქტით, 11 პროცენტამდე ამცირებს

20 აგვისტო, 2008

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის 2008 წლის 20 აგვისტოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება პოლიტიკის ძირითადი განაკვეთის (ერთკვირიანი სადეპოზიტო სერტიფიკატების საპროცენტო განაკვეთი) 1 (ერთი) პროცენტული პუნქტით შემცირების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11 პროცენტს შეადგენს.

კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, რომ ქვეყანაში განვითარებული საომარი მოქმედებების შედეგად, ლიკვიდურ რესურსებზე მოთხოვნის გაზრდისა და ეკონომიკური აქტივობის შესაძლო შენელების გამო, მიზანშეწონილია მონეტარული პოლიტიკის გარკვეული შემსუბუქება. ამასთან, ბოლო პერიოდის პროგნოზებით, ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორები შემცირებისკენ არის მიმართული, თუმცა ზემოაღნიშნული მოვლენების შედეგად, მოსალოდნელი ინფლაციის დინამიკასთან დაკავშირებით მეტი გაურკვევლობაა, ვინაიდან ამ ეტაპზე რთულია ცალკეული მნიშვნელოვანი პოლიტიკურ-ეკონომიკური ტენდენციების ზუსტი პროგნოზის გაკეთება.

აღსანიშნავია, რომ საბანკო სისტემამ გამოავლინა მდგრადობა კრიზისული სიტუაციის მიმართ. ამასთან, გაზრდილი რისკების გამო, ადგილი ექნება სესხების ზრდის ტემპის შენელებას, რაც შეამცირებს ინფლაციურ ზეწოლას.

საინვესტიციო გარემოს გაუარესების გამო, სავარაუდოდ, კაპიტალის შემოდინება წლის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში, გარკვეულწილად, შენელდება. ასევე, გაგრძელდება მონეტარული აგრეგატების ზრდის ტემპის შენელება. აგვისტოში საერთაშორისო სასაქონლო ბაზრის ძირითად სასაქონლო ჯგუფებზე, ნავთობპროდუქტებსა და მარცვლეულზე შეინიშნება ფასების დაწევის ტენდენცია. გრძელდება საბაზო ინფლაციის მაჩვენებლის შემცირება.

იმ დაშვებების გათვალისწინებით, რომ არ მოხდება დაძაბულობის კიდევ უფრო მეტად ესკალაცია და საერთაშორისო ბაზრებზე ძირითად სასაქონლო პროდუქტებზე ფასების ცვლილება შესაბამისობაში იქნება არსებულ პროგნოზებთან, არსებული პოლიტიკის განაკვეთი შესაბამისობაშია წლის ბოლოსათვის ინფლაციის 8 პროცენტის ფარგლებში მოქცევის ამოცანასთან.

ინფლაციის მიზნობრივ ჩარჩოებში მოსაქცევად საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც ყურადღებით დააკვირდება ეკონომიკასა და საფინანსო ბაზრებზე მიმდინარე პროცესებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2008 წლის 17 სექტემბერს გაიმართება.

სხვა სიახლეები