17.09.2008: სებ-ი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად, 10 პროცენტზე ტოვებს

17.09.2008: სებ-ი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად, 10 პროცენტზე ტოვებს

17 სექტემბერი, 2008
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა(მპკ) 2008  წლის 17 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10 პროცენტს შეადგენს.

აღინიშნა, რომ კომიტეტის 12 სექტემბრის რიგგარეშე შეხვედრის შემდეგ, გარკვეული პოზიტიური ძვრები შეინიშნება საბანკო სექტორში, კერძოდ, შეინიშნება დეპოზიტების ზრდის ტენდენცია, მნიშვნელოვნად შემცირდა ფინანსური სტაბილურობის რისკები. მიუხედავად საბანკო სისტემაში არსებული საკმარისი ლიკვიდობისა, კომერციულ ბანკებს სჭირდებათ დამატებითი დრო, შეცვლილი გარემოების გამო, რისკების შეფასებისათვის, რის გამოც შენელებულია სესხების გაცემა.

საომარი პერიოდის განმავლობაში მკვეთრად შემცირდა ფულის მასა, რაც ერთი მხრივ, ფასების შემცირებაზე დადებითად მოქმედებს, თუმცა მისი მკვეთრი ცვლილება და სასურველზე ნაკლებად შემცირება უარყოფით გავლენას მოახდენს ეკონომიკურ ზრდასა და, შესაბამისად, მომავალი პერიოდის ინფლაციაზე. სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებების პროექტით გათვალისწინებულია ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა 500 მილიონი ლარით, რაც ხელს შეუწყობს ფულის მასის ზრდას.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის საბჭომ, 15 სექტემბრის სხდომაზე, დაამტკიცა 18-თვიანი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსათვის 750 მილიონი აშშ დოლარის საკრედიტო ხაზის გამოყოფას, საგადასახდელო ბალანსის მხარდასაჭერად. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული ფაქტი გაზრდის ინვესტორთა ნდობას, რაც ხელს შეუწყობს ქართულ კომპანიებს ფინანსების მოზიდვაში საერთაშორისო ბაზრებზე.

მონეტარული პოლიტიკის გასული სხდომის შემდეგ, ასევე არ შეცვლილა ინლაციაზე მოქმედი სხვა რისკები. საერთაშორისო სასაქონლო ბაზრის ძირითად სასაქონლო ჯგუფებზე, ნავთობპროდუქტებსა და მარცვლეულზე, გრძელდება ფასების დაწევის ტენდენცია.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა გაიმართება 2008 წლის 15 ოქტომბერს.
 
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებები იხ.რუბრიკაში: მონეტარული პოლიტიკა. 
 
სხვა სიახლეები