15.10.2008: სებ-ი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს (რეფინანსირების განაკვეთს) უცვლელად, 10 პროცენტზე ტოვებს
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა (მპკ) 2008 წლის 15 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთის) უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10 პროცენტს შეადგენს.
აღინიშნა, რომ, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში უცხოური მოკლევადიანი კაპიტალის მონაწილეობა მცირეა, მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე შექმნილი მდგომარეობა არ მოახდენს მნიშვნელოვან გავლენას საქართველოს ფინანსურ სისტემაზე. საბანკო სისტემას ლიკვიდურობის საკმარისზე მაღალი მაჩვენებელი აქვს შენარჩუნებული. ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გახსნილი საკრედიტო ხაზი, მაღალი საერთაშორისო რეზერვები და ადგილობრივი ბანკების მაღალი კაპიტალიზაცია, ქვეყნის ფინანსური სისტემის მდგრადობას უზრუნველყოფს. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და დონორებიდან მისაღები მნიშვნელოვანი დახმარებების ფონზე, მოსალოდნელია საბანკო სექტორში საგარეო შემოდინებების სტაბილურობის აღდგენა უკვე უახლოეს პერიოდში.
კომიტეტის წინა შეხვედრის შემდეგ, გარკვეული პოზიტიური ძვრები შეინიშნება საბანკო სექტორში, კერძოდ, კვლავინდებურად შეინიშნება დეპოზიტების ზრდის ტენდენცია, გაიზარდა სისტემაში ლიკვიდური სახსრები. კომერციული ბანკები, მსესხებლების მხრიდან გაზრდილი რისკების აღქმადობის გამო, ჯერ კიდევ სიფრთხილით ეკიდებიან სესხების გაცემას, რის გამოც ბანკების მხრიდან ეკონომიკის დაკრედიტების ზრდა არ შეიმჩნევა.
მონეტარული პოლიტიკის გასული სხდომის შემდეგ, მნიშვნელოვნად არ შეცვლილა ინფლაციაზე მოქმედი რისკები. საერთაშორისო სასაქონლო ბაზრის ძირითად სასაქონლო ჯგუფებზე - ნავთობპროდუქტებსა და მარცვლეულზე - გრძელდება ფასების დაწევის ტენდენცია. როგორც 10 სექტემბრის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შეხვედრაზე იყო პროგნოზირებული, წლიური ინფლაცია სექტემბერში შემცირდა, რაც აგვისტოს თვის მაღალი ინფლაციის ერთჯეროვან ხასიათზე მიუთითებს. წინა თვესთან შედარებით, სამომხმარებლო კალათის ფასები 0.8 პროცენტით შემცირდა, რის შედეგადაც წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 10.6 პროცენტი შეადგინა. წლის დარჩენილ პერიოდში მოსალოდნელია ინფლაციის დინამიკის კლების მიმართულებით შენარჩუნება.
დღეისათვის ბანკთაშორის ბაზარზე შემცირებული აქტივობის გამო, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გადაცემის მექანიზმის ეფექტიანობა განსაკუთრებულად შესუსტებულია. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი ყურადღებით დააკვირდება ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე მოვლენათა განვითარებას და ინფლაციაზე მოქმედი რისკების რომელიმე მიმართულებით მნიშვნელოვანი შეცვლისთანავე გაატარებს შესაბამის ეფექტიან მონეტარულ პოლიტიკას.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა გაიმართება 2008 წლის 26 ნოემბერს.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებები იხ.რუბრიკაში:
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებები.