10.09.2008: სებ-ი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს (რეფინანსირების განაკვეთს) ერთი პროცენტული პუნქტით, 10 პროცენტამდე ამცირებს
2008 წლის 10 სექტემბერს, რიგგარეშე სხდომაზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა (მპკ) მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთის) ერთი პროცენტული პუნქტით შემცირების შესახებ, წლიურ 10 პროცენტამდე.
მპკ-მა აღნიშნა, რომ გაზრდილი ბიზნესრისკების და ლიკვიდობის დეფიციტის გამო, მნიშვნელოვნად არის შენელებული ბანკების აქტიურობა. მოსალოდნელია, რომ შექმნილი მდგომარეობის გამო, საშუალოვადიან პერიოდში ბანკები კონსერვატიულად მიუდგებიან რისკების მართვას და ვეღარ შეძლებენ თავიანთი საქმიანობის აგრესიულ გაფართოებას, რაც ფულის მულტიპლიკატორზე და ფულის ბრუნვის სიჩქარის ზრდაზე უარყოფითად იმოქმედებს. ეს კი, თავის მხრივ, ერთობლივ მოთხოვნაზე უარყოფით გავლენას მოახდენს, რაც მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების საჭიროებაზე მიუთითებს.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ასევე განიხილა სავალდებულო სარეზერვო მოთხოვნები და მიიღო გადაწყვეტილება, სარეზერვო ნორმის 5 პროცენტამდე შემცირების შესახებ, რაც ფულის მულტიპლიკატორის შემცირებას შეუშლის ხელს. აღნიშნული ცვლილება ძალაში შევა 2008 წლის 2 ოქტომბრიდან.
კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, რომ მიუხედავად საომარი მოქმედებებისა, ქვეყანაში ინფლაციური პროცესები არ გაძლიერებულა. მართალია სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ სამომხმარებლო საქონლის ინდექსით გაზომილი ინფლაციის ინდექსი გაიზარდა და წლიური 12.8% შეადგინა, მაგრამ აღნიშნულის მიზეზი, ძირითადად, 10-დან 20 აგვისტომდე პერიოდში რამოდენიმე სოფლის მეურნეობის პროდუქტის (ფოთლოვანი კომბოსტო, მწვანილი, ფხალეული) გაძვირება იყო, რაც, სავარაუდოდ, მიწოდების დროებით შეზღუდვის გამო მოხდა. ამ პროდუქტების ფასებზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ფასები უკვე დაუბრუნდა თავიანთ პირვანდელ დონეს.
აღინიშნა, რომ საომარი პერიოდის განმავლობაში მკვეთრად შემცირდა ფულის მასა, რაც ერთის მხრივ ფასების შემცირებაზე დადებითად მოქმედებს, თუმცა მისი მკვეთრი ცვლილება და სასურველზე ნაკლებად შემცირება უარყოფით გავლენას მოახდენს ეკონომიკურ ზრდასა და, შესაბამისად, მომავალი პერიოდის ინფლაციაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული სარეზერვო მოთხოვნების ნორმის შემცირება, რაც, ერთის მხრივ, დამატებით საკრედიტო რესურსს გამოუთავისუფლებს ბანკებს და, მეორეს მხრივ, გაზრდის ფულის მულტიპლიკატორს და, შესაბამისად, ფულის მასას.
საბანკო სისტემის მოკლევადიანი ლიკვიდური სახსრებით უზრუნველყოფის მიზნით, რათა მკვეთრად არ შემცირდეს სესხების გაცემა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაიწყო რეფინანსირების ოპერაციები და, ასევე, ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიმუშავა სპეციალური ინსტრუმენტი, 150 მილიონი ლარის საბანკო სექტორისთვის მიწოდებისათვის.
მონეტარული პოლიტიკის გასული სხდომის შემდეგ ასევე არ შეცვლილა ინლაციაზე მოქმედი სხვა რისკები. საერთაშორისო სასაქონლო ბაზრის ძირითად სასაქონლო ჯგუფებზე, ნავთობპროდუქტებსა და მარცვლეულზე, გრძელდება ფასების დაწევის ტენდენცია.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა გაიმართება 2008 წლის 17 სექტემბერს.