„შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკს“ 2006-2010 წლებში თურქეთის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს
01 აგვისტო, 2005
„შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ მმართველთა საბჭოს პრეზიდენტი 2006-2010 წლებში თურქეთის წარმომადგენელი გახდება. ბანკის მმართველთა საბჭომ ეს გადაწყვეტილება 31 ივლისს საბერძნეთის ქალაქ სალონიკში გამართულ სამიტზე მიიღო. შეხვედრაზე მიღებული რეზოლუციის მიხედვით, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, 2010-2014 წლებში, ბანკს რუსეთის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე რეზოლუციის ტექსტში ამ მუხლის შეტანის წინააღმდეგ გამოვიდა.
„შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ ხელმძღვანელთა არჩევის პროცედურის მიხედვით, აღნიშნული საფინანსო ინსტიტუტის მმართველთა საბჭო ჯერ ირჩევს ბანკის აქციონერ ქვეყანას, რომლის წარმომადგენელიც განსაზღვრული ვადით ასრულებს საბჭოს პრეზიდენტის მოვალეობას. კონკრეტული კანდიდატურის ვინაობა მხოლოდ სამი თვის შემდეგ სახელდება. სალონიკის სამიტზე „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ მმართველთა საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობისათვის პრეტენზიას ორი ქვეყანა – რუსეთი და თურქეთი აცხადებდა. სამიტზე მიღწეული კომპრომისული გადაწყვეტილებით, 2006-2010 წლებში ბანკის მმართველთა საბჭოს თურქეთის, 2010-2014 წლებში კი რუსეთის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ, რომელიც სამიტის მუშაობაში მონაწილეობდა, საერთაშორისო პრაქტიკაში ამ ნაკლებად მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ მისცა ხმა.
„ასეთი სახის გადაწყვეტილებებს, ძირითადად, ბანკის მსხვილი აქციონერები – თურქეთი, რუსეთი და საბერძნეთი წყვეტენ. ჩვენი სურვილია, რომ „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ წვრილი აქციონერები მხოლოდ მეთვალყურის სტატუსით არ შემოიფარგლონ“, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ.
ბანკის მმართველთა საბჭოს პრეზიდენტის ვინაობა ნოემბერში გახდება ცნობილი. მის ასარჩევად აღნიშნული საფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელები უკვე ბაქოში შეიკრიბებიან. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ბანკის მმართველთა საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე მხარს თურქეთის წარმომადგენელს დაუჭერს. სამიტზე გამოსვლისას, რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია ბანკის მმართველთა საბჭოს პრეზიდენტის არჩევის ისეთი წესი, რომლის მიხედვითაც ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელის ვინაობა ოთხი წლით ადრე ხდება ცნობილი. შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მას კურიოზული უწოდა. რომან გოცირიძის შეფასებას ბულგარეთის წარმომადგენლებიც დაეთანხმნენ.
„შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ (BSTDB) სტრუქტურაში ყველაზე მსხვილი აქციონერებია თურქეთი, რუსეთი და საბერძნეთი, თითოეული ფლობს აქციების 16,5%-ს, ბულგარეთი, რუმინეთი და უკრაინა – 13,5-13,5%-ს, ალბანეთი და აზერბაიჯანი – 2-2%-ს, ხოლო საქართველო, სომხეთი და მოლდოვა კი თითოეული 1%-ის რაოდენობის აქციებს განკარგავენ. „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ საწესდებო კაპიტალი განსაზღვრულია 1 მლრდ ნსუ-ის (SDR – ნასესხობის სპეციალური უფლება) ოდენობით. 2004 წელს საქართველოს წილი ბანკის სააქციო კაპიტალში, სოლიდური დავალიანების გამო, 2%-დან 1%-მდე შემცირდა.
„შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი“ ბისეკის (შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია) წევრი სახელმწიფოებისთვის ფინანსური სიძნელეების შემსუბუქების მიზნით ჩამოყალიბდა, რომლის შტაბბინა საბერძნეთის ქალაქ სალონიკში მდებარეობს.
ხელშეკრულებას ბანკის დაფუძნების შესახებ თბილისში, ბისეკის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მოეწერა ხელი 1994 წლის 30 ივნისს, ხოლო მისი რატიფიცირება საქართველოს პარლამენტმა 1996 წლის 25 დეკემბერს მოახდინა.
„შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა“ ჩამოყალიბების საორგანიზაციო და სამართლებრივი სტადიების გავლის შემდეგ, 1999 წლის 1 ივნისიდან, ფინანსური ოპერაციების წარმოება დაიწყო. შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა სს „საქართველოს ბანკს“, სს „თიბისი ბანკს“, სს „გაერთიანებულ ქართულ ბანკსა“ და სს „პროკრედიტბანკს“ 13,5 მლნ აშშ დოლარის საკრედიტო ხაზები გაუხსნა. გარდა ამისა, იგი ახორციელებს საქართველოში ექსპორტის განვითარების სადაზღვევო-საკრედიტო სააგენტოსა და ფოთის ნავთობტერმინალის რეკონსტრუქციის პროექტებს, რომელთა ღირებულების საერთო მოცულობა 8 მლნ აშშ დოლარზე მეტია.