„შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკს“ განზრახული აქვს საქართველოში საკრედიტო პორტფელის გაზრდა
21 ივნისი, 2006
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ (BSTDB) პრეზიდენტს ჰაირეტინ კაპლანს შეხვდა.
რომან გოცირიძემ, რომელიც საქართველოს მხრიდან „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ მმართველია, ისაუბრა საქართველოს საბანკო სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე, აღნიშნა, რომ საფინანსო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და მზარდი სფეროა, რის გამოც, გასული წლის მაჩვენებლების მიხედვით, საერთაშორისო ექსპერტებმა 2005 წელი საქართველოში „საბანკო ბუმის“ წლად შეაფასეს. საუბარი ასევე შეეხო შავი ზღვის აუზის ქვეყნების რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს და BSTDB-ის როლს ამ პროცესების შემდგომ განვითარებაში.
„შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ პრეზიდენტის ჰაირეტინ კაპლანის განცხადებით, პრეზიდენტის პოსტზე დანიშვნის შემდეგ ეს საქართველოში მისი პირველი ვიზიტია, „რომლის მიზანია ქვეყანაში არსებული საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა და მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ბანკის მიერ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორისათვის, მათ შორის კომერციული ბანკებისათვის, ახალი საკრედიტო ხაზების გახსნის საკითხის განხილვა“.
რომან გოცირიძემ და ჰაირეტინ კაპლანმა მიმოიხილეს საქართველოში „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის საკითხები.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ მიერ საბანკო სექტორისათვის გაცემულ სესხებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. მისი თქმით, „BSTDB-ს განზრახული აქვს საქართველოში საკრედიტო პორტფელის გაზრდა როგორც საბანკო, ისე სოფლის მეურნეობის, მრეწველობისა და ტურიზმის სექტორში“.
„შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა“ ჩამოყალიბების საორგანიზაციო და სამართლებრივი სტადიების გავლის შემდეგ, 1999 წლის პირველი ივნისიდან, ფინანსური ოპერაციების წარმოება დაიწყო. მთლიანობაში, აღნიშნულმა ბანკმა საქართველოში 40 მლნ აშშ დოლარის ოდენობის პროექტები დააფინანსა. სს „საქართველოს ბანკს“, სს „თიბისი ბანკს“, სს „გაერთიანებულ ქართულ ბანკს“, სს „პროკრედიტბანკს“, სსკბ „რესპუბლიკას“ 32 მლნ აშშ დოლარის საკრედიტო ხაზები გაუხსნა. ამასთან, დააფინანსა ფოთის ნავთობტერმინალის რეკონსტრუქციის პროექტი 8 მლნ აშშ დოლარის მოცულობით.