„ოქროს საწმისის“ ოქროს საინვესტიციო მონეტების რეალიზების დრო გახანგრძლივდა
03 ოქტომბერი, 2006
„ოქროს საწმისის“ ოქროს საინვესტიციო მონეტების რეალიზაციის წესში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ცვლილება შეიტანა. დღეიდან ოქროს მონეტების ყიდვა საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში შესაძლებელი იქნება მთელი დღის განმავლობაში – 10.00-დან 13.00-მდე და 14.10-დან 15.30-მდე. აქამდე, ოქროს მონეტები მხოლოდ დღის პირველ ნახევარში იყიდებოდა და რეალიზაციის წესში ცვლილების შეტანა მოსახლეობის მხრიდან ოქროს მონეტაზე დიდმა მოთხოვნამ განაპირობა.
„ოქროს საწმისის“ ოქროს მონეტების სარეალიზაციო ფასი განისაზღვრება „ლონდონის ძვირფასი ლითონების ზოდების ბაზრის ასოციაციის“ (London Bullion Market Association) ვაჭრობებზე დადგენილი ოქროს ფასის მიხედვით. ლონდონში ვაჭრობა დღეში ორჯერ იმართება. შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში „ოქროს საწმისის“ მონეტებზე ფასის გაანგარიშებაც დღეში ორჯერ მოხდება. 10.00-დან 13.00 საათამდე ოქროს საინვესტიციო მონეტების რეალიზაცია განხორციელდება „ლონდონის ძვირფასი ლითონების ზოდების ბაზრის ასოციაციაში“ წინა დღის მეორე ნახევარში (ლონდონის დროით 15.00 საათზე) დაფიქსირებული ფასის საფუძველზე‚ ხოლო 14.10-დან 15.30-მდე ოქროს საინვესტიციო მონეტები გაიყიდება ლონდონში იმავე დღის პირველ ნახევარში (ლონდონის დროით 10.30 საათზე) დადგენილი ფასის მიხედვით.
საქართველოს ოქროს ბაზარზე არსებულ ფასებთან შედარებით, „ოქროს საწმისის“ მონეტები რამდენადმე იაფია. შესაბამისად, ქართული ოქროს საინვესტიციო მონეტები სწრაფი ტემპით იყიდება, ამიტომ დეფიციტის თავიდან ასაცილებლად მცირე წონის სამი დასახელების ოქროს მონეტა ავსტრიის ზარაფხანაში დამატებით მოიჭრება.
ინფორმაცია „ოქროს საწმისის“ საინვესტიციო მონეტების სარეალიზაციო ფასის შესახებ განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე – www.nbg.gov.ge