მიუსაფარ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ „მომავლის სახლში“ საქველმოქმედო აქცია ჩატარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომელთა ინიციატივას, საკუთარი სახსრებით შეძენილი ლიტერატურით დაესაჩუქრებინათ „მომავლის სახლის“ აღსაზრდელები, შეუერთდნენ „საქართველოს ბანკისა“ და კომპანია „წიგნის სააგენტოს“ თანამშრომლები.
„მომავლის სახლის“ ბიბლიოთეკისათვის შეგროვდა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების (6–დან 18 წლამდე) ბავშვებისათვის ქართველი და უცხოელი კლასიკოსი მწერლების, თანამედროვე ლიტერატორების ნაწარმოებები, ქართული და მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები, საბავშვო ენციკლოპედიური გამოცემები, ქართველ პოეტთა რჩეული ლექსები და ა.შ.
აღსაზრდელებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს საჩუქრები, შემდეგ კი აქციაზე მყოფი სტუმრებისათვის კონცერტი გამართეს.
მიუსაფარ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი „მომავლის სახლი“ 9 წლის წინ დაარსდა. ამჟამად იქ 60 აღსაზრდელი ცხოვრობს.