„კოკა-კოლამ“ სავაჭრო აპარატებით პროდუქციის რეალიზება დაიწყო
16 მაისი, 2007
კომპანია „კოკა-კოლას“ სავაჭრო აპარატებით პროდუქციის ყიდვა ახალი მონეტების მეშვეობით შეიძლება. 1 და 2 ლარიანი მონეტების შემოღებამ, რომლებიც მიმოქცევაშია ანალოგიური ნომინალის ქაღალდის ფულის ნიშნებთან ერთად, საფუძველი დაუდო საცალო ვაჭრობაში სიახლეს, რაც სავაჭრო აპარატების მეშვეობით საქონლის რეალიზების განვითარებას ითვალისწინებს.
„კოკა-კოლამ“ თბილისში უკვე დაამონტაჟა 20 სავაჭრო აპარატი. კომპანია უახლოეს პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით 100 აპარატის განთავსებას გეგმავს. მათი მეშვეობით მომხმარებელს შეეძლება, შეიძინოს გამაგრილებელი სასმელები. აპარატიდან პროდუქციის ყიდვისას გამოიყენება ახალი ემისიის 1 და 2 ლარიანი მონეტები.
კომპანია „კოკა-კოლას“ გენერალური დირექტორის თემურ ჭყონიას განცხადებით, საქართველოში თანამედროვე სავაჭრო აპარატების შემოტანა შესაძლებელი გახდა მიმოქცევაში 1 და 2 ლარიანი მონეტების შემოღების შემდეგ. „საქართველოს ეროვნული ბანკის აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ბიძგი მისცა ქართულ სავაჭრო სივრცეში ახალი ტექნოლოგიების შემოტანას. სავაჭრო აპარატების მეშვეობით პროდუქციის რეალიზება მომხმარებელთა უკეთ მომსახურებას და კომპანიისათვის დანახარჯების შემცირებას შეუწყობს ხელს,“ – აღნიშნა თემურ ჭყონიამ.
საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტის უფროსი გოჩა გორდეზიანი მიესალმა „კოკა-კოლას“ ნოვატორულ ინიციატივას და კმაყოფილება გამოთქვა, რომ კომპანიამ ასე სწრაფად აუღო ალღო ახალ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს. მისი თქმით, „კოკა–კოლას“ ინიციატივა ხელს შეუწყობს სწრაფადცვეთადი ქაღალდის ფულის ნაცვლად ლითონის მონეტების არეალის გაფართოებას.
„კოკა-კოლამ“ აპარატურა იტალიაში შეუკვეთა. ახალი სავაჭრო აპარატები ინახავს ტემპერატურულ რეჟიმს, აბრუნებს ხურდას. ისევე როგორც უცხოეთში, მსგავს აპარატებს ქართული კომპანიები მომავალში სიგარეტისა და საკვები პროდუქციის რეალიზებისათვის გამოიყენებენ.