ცვლილებები მონეტარულ და ფინანსურ სტატისტიკაში

ცვლილებები მონეტარულ და ფინანსურ სტატისტიკაში

02 თებერვალი, 2012

სრულყოფილი სტატისტიკური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ სფეროში, ისევე როგორც სტატისტიკის სხვა მიმართულებებში, არსებული საერთაშორისო პრაქტიკა მეთოდოლოგიური და ორგანიზაციული ასპექტების მუდმივ სრულყოფას მოითხოვს. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკი მიმდინარე წლიდან მთელ რიგ სიახლეებს გეგმავს, რომლის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლებს წინასწარ ეცნობებათ.

2012 წლის თებერვლიდან ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განახლებული მონეტარული მიმოხილვები გამოქვეყნდება (1995 წლიდან დღემდე). სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ ამიერიდან ფართო ფულის კატეგორიაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის სტანდარტებისა და კოდების დაცვის შეფასების (ROSC) მისიის რეკომენდაციების შესაბამისად, ჩაირთვება ისეთი ვალდებულებებიც, როგორებიცაა დეპოზიტები გარანტიების, ჩეკის წიგნაკების, საბანკო ბარათების, აკრედიტივებისა და სხვა მსგავსი ვალდებულებების მიხედვით.

საფინანსო სექტორის ზრდასთან ერთად გაიზარდა არასაბანკო ფინანსური ორგანიზაციების როლი ეკონომიკაში. შესაბამისად, უფრო დეტალური გახდება ფინანსური ინსტრუმენტების კლასიფიკაცია ეკონომიკის სექტორების მიხედვით. კერძოდ, ცალკე სექტორად გამოიყოფა სხვა ფინანსური კორპორაციები.

მონეტარული მიმოხილვების განახლებულ მწკრივებს სტატისტიკის მომხმარებელი ეროვნული ბანკის ვებგვერდზე 2012 წლის 29 თებერვლიდან იხილავს.

 

სხვა სიახლეები