ჩაქვში სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
06 ივლისი, 2005
10-11 ივლისს დაბა ჩაქვში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, რომლის სამუშაო თემაა: „საქართველოს მთავრობის ინიციატივა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებასთან დაკავშირებით”. კონფერენციას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახსნის.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები. ასევე, გაეროს, ეუთოსა და ქართული და ოსური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენციაზე მოწვეულნი არიან სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სამთავრობო სტრუქტურების ხელმძღვანელი პირები.
კონფერენციის ფორმატი ითვალისწინებს დისკუსიის გამართვას, რომელშიც ოსური მხარის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან. მიწვეულთა შორის სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითიც იყო, მაგრამ მან ფორუმში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა.
კონფერენციაზე განიხილება საკითხები ქართულ-ოსური კონფლიქტის სამშვიდობო პროცესში საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების როლის, მათთან თანამშრომლობის, ეკონომიკური რეაბილიტაციის პროექტების განხორციელებისა და სახალხო დიპლომატიის მნიშვნელობის შესახებ. გარდა ამისა, იმსჯელებენ კონფლიქტის დროს დაზარალებული მოსახლეობის სოციალური დაცვის, განათლების, ჯანდაცვის, ეკონომიკური საქმიანობის, სამუშაო ადგილებისა და თვითრეალიზების ახალ შესაძლებლობებზე.
კონფერენციის დასასრულს მოსალოდნელია დეკლარაციის მიღება, რომელშიც გათვალისწინებული იქნება საქართველოს მთავრობის ინიციატივები ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის.