შეხვედრა სადაზღვევო სფეროს წარმომადგენლებთან
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დღეს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ სადაზღვევო კოპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრის ძირითადი თემა სადაზღვევო კომპანიების გასული წლის შედეგების შეჯამება და ზოგადად სექტორის განვითარების ტენდენციები იყო.
2009 წლის პირველი დეკემბრიდან, მას შემდეგ რაც ძალაში შევიდა ახალი ორგანული კანონი „ეროვნული ბანკის შესახებ“ სადაზღვევო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ფუნქცია საქართველოს ეროვნულ ბანკს დაეკისრა.
ერთი წლის მანძილზე სადაზღვევო სექტორის მოწესრიგებისა და თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებთან მოყვანის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდა: დაიხვეწა ნორმატიული ბაზა, დაწესდა ახალი რეგულაციები.
„რა თქმა უნდა, სრულყოფილებამდე ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, თუმცა რეფორმების შედეგი აშკარაა და ამას ადასტურებს კიდეც დაჯარიმების კლების მკვეთრი ტენდენციაც“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.
სხვადასხვა სახის დარღვევათა გამო 2010 წლის პირველ კვარტალში, კომპანიების დაჯარიმების საერთო მაჩვენებელი 664,766.98 ლარი იყო, 2011 წლის პირველ კვარტალში კი ეს მონაცემი 52,000.00–მდე შემცირდა.
2010 წლის წლის ბოლოს საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე 16 სადაზღვევო კომპანია იყო რეგისტრირებული. 2010 წლის ბოლოს სადაზღვევო სექტორის აქტივები იყო 448 მილიონი ლარი (მშპ–ს 2.2%).
2010 წლის განმავლობაში გაფორმებული პოლისების რაოდენობამ 2.6 მილიონი შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2009 წლის შესაბამის მონაცემს. ამასთან, აღსანიშნავია ფიზიკურ პირებზე გაცემული პოლისების რაოდენობის ზრდა (361 ათასი გაფორმებული პოლისი), რაც საცალო სადაზღვევო ბაზრის განვითარებაზე მეტყველებს.
2010 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა ჯამურმა სადაზღვევო პრემიამ 372.5 მილიონი ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ სადაზღვევო სახეობების მიხედვით, ჯამურ მოზიდულ პრემიაში 66.3 პროცენტით ლიდერობას კვლავ სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევა ინარჩუნებს.
„ეროვნული ბანკისთვის, როგორც სადაზღვევო სფეროს რეგულატორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სრულად შესრულდეს თითოეული მომხმარებლის მიმართ ყველა სადაზღვევო კომპანიის მიერ აღებული ვალდებულება, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფო დაზღვევის პროგრამების შესრულებას. ამ თვალსაზრისით არსებობს პრობლემები და ჩვენ ეს პრობლემები უნდა მოვაგვაროთ“, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.