შეხვედრა სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან

შეხვედრა სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან

05 ოქტომბერი, 2011

5 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძისა და სადაზღვევო კომპანიების ხელმძღვანელების შეხვედრაზე სადაზღვევო ინდუსტრიაში არსებული ვითარება განიხილეს.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ეროვნული ბანკი სადაზღვევო სფეროს განვითარებასთან დაკავშირებით თანმიმდევრულ გეგმას ანხორციელებს.

“ჯანსაღი სადაზღვევო სისტემის ჩამოყალიბება ჩვენი პროგრამის ერთ–ერთი პრიორიტეტული ნაწილია. სადაზღვევო სფეროს უდიდესი პოტენციალი აქვს და დღეს გადის განვითარების იმავე გზას რაც თავის დროზე საბანკო სექტორმა გაიარა ვიდრე დღევანდელ, მდგრად და სტაბილურ ინსტიტუტად ჩამოყალიბდებოდა.

განვითარების ეტაპი გულისხმობს იმას, რომ სადაზღვევო სექტორში გამოჩნდებიან ახალი მოთამაშეები, მოხდება კომპანიების შერწყმაც. უნდა ითქვას, რომ 10 და 20-კაციანი ორგანიზაციები ამ ბიზნესში გუშინდელი დღეა, დღევანდელ მოთხოვნებს ასეთი კომპანიები ვერ გაუძლებენ და ეს გარდაუვალი პროცესია. 

თუმცა აქ გადამწყვეტი და მნიშვნელოვანია ერთი ფაქტორი –  ეროვნული ბანკი, როგორც სფეროს რეგულატორი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს პროცესი მტკივნეულად არ აისახოს სადაზღვევო სფეროს კლიენტებზე და რაც მთავარია, არ დაზარალდეს არცერთი მოქალაქე.

დღეს საბანკო სექტორში 16 255 ადამიანი მუშაობს. ეს ნიშნავს იმას, რომ რამდენიმე წლის შემდეგ სადაზღვევო სექტორი, რომელიც დღეს 2 207 რაოდენობის ადამიანს ასაქმებს, მომავალში ერთ–ერთი სერიოზული დამსაქმებელი იქნება შრომის ბაზარზე”  - განუცხადა ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის წინ.

გიორგი ქადაგიძის თქმით, ამ დროისათვის მნიშვნელოვანია სადაზღვევო ინდუსტრიის გამჭვირვალობის ხარისხის გაუმჯობესება, მომავალში კი მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით სადაზღვევო სექტორში ისეთივე ნორმა ამოქმედდება, რომელიც საბანკო სექტორში უკვე არსებობს.

სხვა სიახლეები