შეხვედრა მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძისა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხები განიხილეს. დღეს ეროვნულ ბანკში იმ ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რომლებიც სამომხარებლო სეგმენტზე დაკრედიტებას აქტიურად ეწევიან.
ბოლო პერიოდში კომერციული ბანკების მიერ სამომხმარებლო კრედიტებზე მომხმარებლებისათვის შეთავაზებულმა აქციებმა არასასურველი ფორმები მიიღო, რაც რეკლამის საშუალებით ორაზროვანი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მიწოდებაში გამოიხატება. გარდა იმისა, რომ აღნიშნული მნიშვნელოვნად აზარალებს მომხმარებლის ინტერესებს, ასევე სერიოზული რეპუტაციული რისკის შემცველია ცალკეული ბანკებისა და მთლიანად საბანკო სექტორისათვის. აღნიშნულს ადასტურებს ბოლო დროს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე შემოსული უკმაყოფილო მომხმარებლების გახშირებული ზარები, ასევე მიმდინარე აქციების შესახებ მათი მხრიდან ნეგატიური შეფასებები სოციალურ ქსელებში.
„საბანკო სექტორი განაგრძობს სტაბილურ განვითარებას მაღალ კონკურენტულ გარემოში, სწორედ ეს გახლავთ იმის მიზეზი, რომ ბოლო წლების განმავლობაში საპროცენტო განაკვეთების შემცირების ტენდენცია თვალსაჩინოა. ამავე დროს ბაზარზე ჩნდება სულ უფრო ინოვაციური პროდუქტები. ამ პროცესში კომერციული ბანკები საკმაოდ აგრესიულ სარეკლამო კამპანიას ეწევიან, რაც თავის მხრივ მისასალმებელია. თუმცა დაუშვებელია ნებისმიერი ისეთი ტიპის სარეკლამო კამპანიის წარმოება, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი და რომელიც შეიძლება შეიცავდეს არასრულ ინფორმაციას ან ქმნიდეს არასწორ მოლოდინებს. ზუსტად ეს გახლავთ დღევანდელი შეხვედრის მიზეზი, ჩვენ ამ პროცესს ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს, არ გამოვრიცხავთ ასევე ამ მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრებასაც. საბანკო სექტორში უნდა არსებობდეს ძალიან მკაცრი ეთიკის სტანდარტი, რომელსაც განურჩევლად დაიცავს ყველა კომერციული ბანკი. ამავე დროს, მე მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო ყველა მომხმარებელს ყურადღებით წაიკითხოს ხელშეკრულება ხელმოწერამდე და პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში მიმართოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილებას, სადაც ყველა პრეტენზია იქნება განხილული“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.
დღევანდელ შეხვედრაზე გიორგი ქადაგიძემ სწრაფი გადახდის აპარატებთან დაკავშირებით ბოლო დროს გამოთქმულ პრეტენზიებთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტება: "საქართვლოს ეროვნული ბანკი შეისწავლის ამ საკითხს, რადგან ჩნდება შეკითხვები ყველა მონაწილის, მათ შორის მობილური ოპერატორების მიმართაც. თუ როგორ მოხდა, რომ ერთ დღეს სამივე მობილურმა ოპერატორმა გადაწყვიტა თავისი სადისტირბუციო პოლიტიკის შეცვლა და ერთ დღეს იდენტური ხელშეკრულებები გაუგზავნეს ყველა მონაწილეს, რაც რეალურად მათი სერვისის გაძვირებას ნიშნავს. ვსწავლობთ სწრაფი გადახდის აპარატების ფინანსურ მდგომარეობას, თუ რამდენად არსებობს მათი გაკოტრების საფრთხე, ასევე ვსწავლობთ რიგი კომერციული ბანკების უფასო შეთავაზებას – არის ეს ჩვეულებრივი მარკეტინგული სვლა თუ დროებითი დემპინგური ფასის შეთავაზება, ფინანსურად უფრო სუსტი კონკურენტის ბაზრიდან გაყვანის მიმართულებით, რამდენიმე დღეში ჩვენ დასკვნა გვექნება და კომპეტენციის ფარგლებში მოვახდენთ რეაგირებას", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.