შეხვედრა ეკონომიკის ექსპერტებთან
საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით, დღეს სასტუმრო „თბილისი–მარიოტში“ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასა და ეკონომიკის ექსპერტთა შეხვედრა გაიმართა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ექსპერტებთან შეხვედრაზე ბოლოდროინდელ მაკროეკონომიკურ ტენდენციებსა და საბანკო სექტორში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
„ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ეროვნული ბანკის სიძლიერე არის მის გამჭვირვალობაში, თანმიმდევრულობასა და სტაბილურობაში. დღეს, ჩვენ გვაქვს შეხვედრა იმ ადამიანებთან, ვინც ძალიან კარგად ერკვევა მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებში. იმ დამოუკიდებელ ექსპერტებთან, ვინც მუდმივად ახდენს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას ამ მიმართულებით. შესაბამისად, დღევანდელი შეხვედრის მიზანია გავაცნოთ მათ ის პროექტები, რასაც ვანხორციელებთ ეროვნულ ბანკში“.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გატარებულ რეფორმებზეც ისაუბრა და აღნიშნა იმ გეგმების შესახებ, რომელიც დაგეგმილია როგორც ორგანიზაციული, ასევე მონეტარული პოლიტიკისა და ზედამხედველობის მიმართულებით. გიორგი ქადაგიძემ აღნიშნა, რომ ამგვარი შეხვედრები მომავალშიც გაიმართება, „ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო შეხვედრაა და ჩვენი ინიციატივაა, რომ ეს შეხვედრები იყოს პერიოდული და არა ერთჯერადი ხასიათის“, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
ეკონომიკის ექპერტის ლადო პაპავას განცხადებით, ამ შეხვედრის ერთ–ერთი უმთავრესი მიზანია, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასა და ექსპერტებს შორის მოხდეს აზრთა გაცვლა. „მივესალმები ეროვნული ბანკის ღიაობას, იმიტომ რომ ეს უნდა იყოს აბსოლუტურად აპოლიტიკური ორგანიზაცია, იყოს ღია და აწვდიდეს ინფორმაციას. ასე რომ ეს შეხვედრა თავისთავად მისასალმებელია. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობიდან ისიც აღინიშნა, რომ ჩვენს შორის გარკვეული შეხედულებათა განსხვავებულობის მიუხედავად აუცილებელია ურთიერთინფორმირებულობა იმიტომ, რომ ინფორმაციის გარეშე ყოველთვის ადგილი აქვს ისეთ ჭორებს, რომელიც აზიანებს როგორც საბანკო სისტემას, ასევე თითოეულ მოქალაქეს“, – განაცხადა ლადო პაპავამ.