ყირგიზეთის სამთავრობო დელეგაცია საქართველოს ეროვნულ ბანკში

ყირგიზეთის სამთავრობო დელეგაცია საქართველოს ეროვნულ ბანკში

25 ოქტომბერი, 2011

25 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულ ბანკს ყირგიზეთის ფინანსთა, ეკონომიკისა და რეფორმების სამინისტროების წარმომადგენლები სტუმრობდნენ. შეხვედრის მთავარი მიზანი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული რეფორმების გაცნობა და არსებული გამოცდილების გაზიარება იყო.

მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი, გიორგი ბარბაქაძე სტუმრებს ეროვნული ბანკის ფუნქციებზე ესაუბრა და საქართველოს ეროვნულ ბანკში გატარებული რეფორმები გააცნო. ასევე მიაწოდა ინფორმაცია ქართულ საბანკო სექტორში განხორციელებულ ცვლილებებზე. 

ყირგიზეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებმა განსაკუთრებული ინტერესი 2008 წლის კრიზისის შემდგომ განხორციელებულ ღონისძიებებზე გაამახვილეს. გაეცნენ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით გატარებულ რეფორმებსაც.

ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი ლალიაშვილმა სტუმრებს ის ფინანსური ინსტრუმენტები გააცნო, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი იყენებს. ესაუბრა მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების, სავალუტო ბაზრების, ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის ფუნქციებისა და „დიდი ოთხიანის“ როლზე საქართველოში.

ყირგიზი სტუმრები ქართული საბანკო ზედამხედველობის სფეროს ცვლილებებითაც დაინტერესდნენ და დეტალურად გაეცნენ რისკების შეფასების სისტემასა და რეგულაციებში შეტანილ ცვლილებებს.

როგორც შეხვედრაზე ყირგიზეთის დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, საქართველოში გატარებულმა რეფორმებმა და ცვლილებებმა, რომელიც სამაგალითოა მთელს რეგიონში დიდი როლი ითამაშეს ქვეყნის ეკონომიკისა და კონკრეტულად ქართული საბანკო სექტორის განვითარების საქმეში, სწორედ ამიტომ მოექცა საქართველო ცენტრალური აზიისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ყურადღების ცენტრში.

სხვა სიახლეები