ყვარელში საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი გაიხსნა
საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი უცხოელ და ქართველ დამთვალიერებლებს უკვე ყვარელში უმასპინძლებს.
ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად მკვეთრად გაიზარდა კახეთის რეგიონით დაინტერესებული ტურისტების რიცხვი. ყვარელი უძველესი ისტორიული ძეგლებითა და მუზეუმებით ვიზიტორთა განსაკუთრებით საინტერესო ადგილთა რიცხვშია. ამიერიდან კი იქ ჩასულ სტუმრებს ფულის ისტორიის გაცნობისა და უნიკალური ექსპონატების ნახვის შესაძლებლობაც ექნებათ.
ყვარელში, ფულის მუზეუმი ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა და კახეთის გუბერნატორმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გახსნეს. გახსნას რაიონის სკოლების მოსწავლეები და პედაგოგებიც დაესწრნენ. სპეციალურად მათთვის პირველი ტური მოეწყო.
„ყვარელი ის ადგილია, სადაც დიდი ილია ჭავჭავაძე დაიბადა. ილიას სახელი, სხვა მამულიშვილურ საქმეებთან ერთად, საქართველოში საბანკო საქმიანობის ტრადიციის დამკვიდრებას უკავშირდება. ამიტომ მუზეუმის გახსნა, რომელიც დამთვალიერებელს გააცნობს ჩვენს წელთაღრიცხვამდე საუკუნეებში საქართველოში მიმოქცევაში არსებულ ფულის ნიშნებს, ტრადიციებს, ასევე მსოფლიოს ფულის განვითარებას - სავსებით ლოგიკურია. გარდა ამისა, ეს მუზეუმი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რეგიონის პოპულარიზაციას“, - განაცხადა ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა.
საქართველოში სხვადასხვა პროფილის მრავალი მუზეუმია და ბევრ მათგანში სხვა სახის სამუზეუმო ექსპონატების გვერდით ძველი ფულის ნიშნებიც ინახება, მაგრამ ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი საქართველოში ერთადერთია, რომელიც მთლიანად და განუყოფლად მხოლოდ ფულს ეძღვნება.
მუზეუმის გამოფენაზე თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი საქართველოში ფულის მიმოქცევის მრავალსაუკუნოვანი ისტორია ძველი წელთაღრიცხვის მეექვსე საუკუნიდან დღემდე და აქვეა წარმოდგენილი თანამედროვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ვალუტა.
ამიერიდან ფულის მუზეუმი ყვარელში, რუსთაველის 10 ნომერში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის შენობის პირველ სართულზე განთავსდება და ვიზიტორებს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა დილის 9 საათიდან, საღამოს 6 საათამდე მოემსახურება. ასევე, ფულის მუზეუმში ნებისმიერ მსურველს კვლავაც ექნებათ ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული პროდუქცის შეძენის შესაძლებლობა, როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით.