ქართულმა საინვესტიციო მონეტამ ბერლინის საერთაშორისო გამოფენაზე დიდი მოწონება დაიმსახურა

ქართულმა საინვესტიციო მონეტამ ბერლინის საერთაშორისო გამოფენაზე დიდი მოწონება დაიმსახურა

15 თებერვალი, 2007
   პირველმა ქართულმა საინვესტიციო ოქროს მონეტამ „ოქროს საწმისის“ გამოსახულებით ბერლინში გამართულ მსოფლიო ნუმიზმატიკურ გამოფენაზე დიდი მოწონება დაიმსახურა. გამოფენაზე ქართული ოქროს საინვესტიციო მონეტების შეძენისა და  მათი მსოფლიო ნუმიზმატიკურ ბაზარზე გატანის მსურველი ბევრი აღმოჩნდა.   მიმდინარე წლის 2-4 თებერვალს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გაიმართა  მონეტების საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა. გამოფენა ყოველწლიურია და მასში მონაწილეობენ მსოფლიოს ყველა წამყვანი ზარაფხანა, ცენტრალური ბანკები, კოლექციონერები, დისტრიბუტორები და სხვა დაინტერესებული პირები. წელს გამოფენის ვიზიტორთა რიცხვმა 11 ათასს გადააჭარბა.  პრაქტიკულად, სწორედ ეს გამოფენა აძლევს ბიძგს და დიდწილად განსაზღვრავს კიდეც როგორც მონაწილე კომპანიების, ასევე მათ მიერ წარმოებული პროდუქციის (მონეტების) რეიტინგსა და პოპულარობის დონეს, რადგან  გამოფენასთან ერთად აქ უშუალოდ ხორციელდება გარიგებათა გაფორმება.   წელს პირველად ბერლინში გამოფენილი იყო ქართული ოქროს საინვესტიციო მონეტები ოქროს საწმისის გამოსახულებით. მონეტებმა დიდი მოწონება დაიმსახურა და განსაკუთრებით აღინიშნა  როგორც მათი თემატიკის აქტუალობა და პოპოლარობა, ასევე უნიკალურობა იმ კუთხით, რომ 5 და 10 უნციიანი წონის მონეტებს ანალოგი არ გააჩნია. ავსტრიის  ცენტრალური ბანკის ზარაფხანის წარმომადგენლებს, სადაც ქართული ოქროს მონეტები დამზადდა, მრავალმა დაინტერესებულმა პირმა მიმართა მათი როგორც ცალობით, ასევე პარტიებად შეძენის სურვილით, შემდგომში მსოფლიო ბაზარზე გატანის მიზნით.   თებერვლის ბოლოს დაგეგმილია ავსტრიის ზარაფხანის ხელმძღვანელობის ვიზიტი საქართველოს ეროვნულ ბანკში, რათა ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით გაფორმდეს შეთანხმება  ქართული საინვესტიციო მონეტების საერთაშირისო ბაზარზე გასატანად.  
სხვა სიახლეები