ქართული ფულის ნიშანზე ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის პორტრეტის სავარაუდო გამოსახვის საკითხზე საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის ნიშნების დამზადებასთან დაკავშირებული საქმიანობის მართვის კომისია ამ დღეებში იმსჯელებს
09 ნოემბერი, 2005
21-22 ნოემბერს საფრანგეთის ლევილის ქართული მამულიდან საქართველოს ეროვნული გმირისა და საზოგადო მოღვაწის ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტის საქართველოში გადმოსვენება და მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დასვენება იგეგმება.
საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის ნიშნების დამზადებასთან დაკავშირებული საქმიანობის მართვის კომისია ამ ფაქტს უკავშირებს ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის პორტრეტით ქართული ფულის ნიშნის სავარაუდო გამოშვების საკითხს, რომელსაც უახლოეს დღეებში განიხილავს.
ქაქუცა, იგივე ქაიხოსრო, ჩოლოყაშვილი დაიბადა 1888 წელს კახეთში, სოფელ მატანში. დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია.
საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილმა ქართულ ჯარში დაიწყო სამსახური და მონაწილეობდა ყველა ბრძოლაში, რომელიც იმ პერიოდში გადაიტანა ჩვენმა ქვეყანამ.
1921 წელს რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ანექსიისა და ოკუპაციის შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა უცხოეთში გადაიხვეწა. ქაქუცა ჩოლოყაშვილი სამშობლოში დარჩა და გადაწყვიტა, იარაღით ებრძოლა ქვეყნის განთავისუფლებისათვის. მან ჩამოაყალიბა კახეთში პირველი მებრძოლების ჯგუფი - „საქართველოს შეფიცულები“. 1922 წლის ივნისში ჩოლოყაშვილი პირველად შეება წითელ ჯარს, რამაც დასაბამი მისცა საქართველოს მრავალწლიან ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის.
1924 წლის 29 აგვისტოს ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ დაწყებული აჯანყება მარცხით დასრულდა, ქაქუცა ჩოლოყაშვილი და მისი მებრძოლები იძულებულნი გახნენ, სამშობლო დაეტოვებინათ. ქაქუცა ჩოლოყაშვილი 1930 წლის 27 ივლისს, პარიზში გარდაიცვალა. იგი ჯერ სენტ უანის სასაფლაოზე დაკრძალეს, შემდეგ კი ლევილის ქართველთა საძმო სასაფლაოზე გადაასვენეს.