ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილება   

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილება   

30 ნოემბერი, 2022

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა ბაზელის კომიტეტის რეკომენდაციის გათვალისწინებით კონტრციკლური ბუფერის დაწესების ჩარჩო განახლების გადაწყვეტილება მიიღო. სტრესული პერიოდებისთვის კაპიტალის ბუფერების დასაგროვებლად, ბაზელის კომიტეტმა ქვეყნებს ნეიტრალური პოზიტიური კონტრციკლური ბუფერის დაწესება შესთავაზა. თუკი არსებული სტანდარტული კონტრციკლური ბუფერის საბაზისო განაკვეთი ნულის ტოლია და დადებით მნიშვნელობას ჭარბი დაკრედიტების შემთხვევაში იღებს, ნეიტრალური პოზიტიური კონტრციკლური ბუფერის საბაზისო განაკვეთი ნორმალურ პირობებშიც დადებითი იქნება (მეთოდოლოგიის გასაცნობად იხ. დანართი). ქვეყნების მზარდმა ნაწილმა საბაზისო განაკვეთად პოზიტიური ბუფერი უკვე დააწესა. აღნიშნული ქვეყნებისთვის ნეიტრალური პოზიტიური კონტრციკლური ბუფერის საბაზისო განაკვეთი 1%-სა და 2%-ს შორის მერყეობს. ეროვნული ბანკი იკვლევს ნეიტრალური პოზიტიური კონტრციკლური ბუფერის დაწესების საერთაშორისო გამოცდილებას და ბუფერის ზომას შემდეგი კომიტეტის შეხვედრაზე განსაზღვრავს.

 

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ფინანსურმა სექტორმა მაღალი ეკონომიკური ზრდის დროს სტრესულ პერიოდებში გამოსაყენებლად კაპიტალის ბუფერები დააგროვოს და განახლებული მეთოდოლოგიის დამტკიცებამდე კონტრციკლური ბუფერის მოთხოვნა უცვლელად, 0%-ზე, დატოვა. მიმდინარე პერიოდში საკრედიტო აქტივობა მდგრად დონეზეა, ბანკების ფინანსური მაჩვენებლები გაუმჯობესებულია, ეკონომიკური ზრდა მაღალ დონეზე ნარჩუნდება, ხოლო უძრავი ქონების ბაზარზე ფასებისა და ქირის ზრდის ტენდენცია შეინიშნება. არსებული ტენდენციის გათვალისწინებით, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის კვლავ თვლის რომ, მნიშვნელოვანია ფინანსურმა სექტორმა კაპიტალის ბუფერები დააგროვოს და სტრესულ პერიოდებში გამოიყენოს, როგორც ეს პანდემიის დასაწყისში მოხდა. რეგიონში არსებული ვითარებიდან მომდინარე რისკების გათვალისწინებით, კაპიტალის ბუფერების დაგროვება ბანკებს რისკების მიტიგაციაში დაეხმარება და სტრესის პერიოდში ეკონომიკის დაფინანსების გაგრძელებას და სწრაფ აღდგენას შეუწყობენ ხელს.

 

ფინანსური სექტორი მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას შეუფერხებლად განაგრძობს. 2022 წლის განმავლობაში, საბანკო სექტორის აქტივების ხარისხი, მომგებიანობა, კაპიტალისა და ლიკვიდობის მაჩვენებლები გაუმჯობესდა, რამაც ბანკების დიდ უმეტესობას პანდემიის დასაწყისში გამოთავისუფლებული ბუფერების სებ-ის მიერ დადგენილ ვადებზე ადრე აღდგენის საშუალება მისცა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში გატარებული ღონისძიებებისა და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად, საკრედიტო აქტივობა შენელდა. 2022 წლის ოქტომბერში, აგვისტოსთან შედარებით, სესხების წლიური ზრდა, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 1.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.8% შეადგინა. გასული ერთი წლის განმავლობაში, სესხების მშპ-თან ფარდობა შემცირდა, რაც მაღალი ეკონომიკური ზრდისა და გაცვლითი კურსის გამყარების ეფექტს ასახავს. შედეგად, 2022 წლის მესამე კვარტალში სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა მის გრძელვადიან ტრენდს ჩამორჩება, თუმცა საქართველოში სესხების მშპ-თან ფარდობის არსებული დონე, მსგავსი ქვეყნების მაჩვენებლებთან შესადარის დონეზეა.  

 


წყარო: სებ; საქსტატი

*ნომინალური მშპ-ის ზრდა ბოლო 4 კვარტლის მშპ-ის წლიურ ზრდას ასახავს. 

**სესხები მოიცავს ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და სესხის გამცემი სუბიექტების მიერ გაცემულ სესხებსა და, ასევე, კომპანიების მიერ ადგილობრივად  გამოშვებულ ობლიგაციებს.

*** სესხების მშპ-თან ფარდობის გაპი წარმოადგენს სხვაობას სესხების მშპ-თან ფარდობასა და მის გრძელვადიან ტრენდს შორის. ტრენდის შესაფასებლად, ბაზელის რეკომენდაციის შესაბამისად, გამოყენებულია HP ფილტრი. 

 

საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს საჭიროებისამებრ გამოიყენებს.

 

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2023 წლის 15 მარტს გაიმართება.

სხვა სიახლეები