ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორები (FSI)
საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთ სტატისტიკურ ინიციატივაში ერთვება. ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორების პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის და განსაკუთრებით ფინანსური სექტორით დაინტერესებულ ყველა საქმიან ადამიანს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.
გასული საუკუნის 90-იანი წლების ფინანსურმა კრიზისებმა მნიშვნელოვანი საფუძველი მოამზადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორების შესახებ პროექტის წამოწყებისათვის. მანამდე არსებული სტატისტიკური ინფორმაცია ფინანსური სექტორის მდგომარეობის ეფექტიანი შეფასების საშუალებას არ იძლეოდა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შეიმუშავა ინდიკატორების ჯგუფი, რომლებიც აღწერენ ქვეყნის ფინანსური ინტიტუტების და მათი კლიენტი შინამეურნეობების და კორპორატიული სექტორის ფინანსურ სიჯანსაღეს. ინდიკატორები მოიცავს როგორც ცალკეული ინსტიტუტების კონსოლიდირებულ მონაცემებს, ასევე ინფორმაციას იმ ბაზრების შესახებ, სადაც ეს ინსტიტუტები ოპერირებენ. გარდა ამისა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შეიმუშავა ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორების გამოთვლის მკაცრი მეთოდოლოგია, რაც ქვეყნების ფინანსური სისტემების ამსახველი მონაცემების ერთმანეთთან შესადარისობას უზრუნველყოფს.
ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორები იყოფა ძირითად (12) და სასურველ (28) ინდიკატორებად. პროექტში გაწევრიანებული ყოველი ქვეყანა გარკვეული პერიოდულობით ახდენს ამ ინდიკატორების გამოქვეყნებას. მოცემული მომენტისთვის 70-მდე წევრი ქვეყანა აწვდის მონაცემებს საერთაშორისო სავალუტო ფონდს, რომელიც შემდეგ განათავსებს ამ ინფორმაციას ფონდის ვებგვერდზე. ინდიკატორების გამოთვლა და გამოქვეყნება ხორციელდება მაკროპრუდენციული ანალიზის მხარდასაჭერად: ფინანსური სისტემების სიძლიერესა და მგრძნობელობაზე დაკვირვებისა და შეფასებისთვის, აგრეთვე ფინანსური კრახის ალბათობის მინიმიზაციის მიზნით.
აღნიშნულ პროექტში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის მონაწილეობის შეთავაზების (2010) შემდგომ პერიოდში მნიშვნელოვანი მოცულობის მოსამზადებელი სამუშაო ჩატარდა, რაც გულისხმობდა ქვეყნის ფინანსური სექტორის ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორებისა და შესაბამისი მეტამონაცემების მოპოვებას, დამუშავებასა და სისტემატიზაციას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორების წარმოება ეროვნული ბანკის სტატისტიკის სამსახურისაგან მოითხოვს სტატისტიკური სამუშაოების კოორდინაციის ახალი სტილისა და მიდგომების დანერგვას, რაც გულისხმობს თანამშრომლობის გაფართოებას არა მარტო ეროვნული ბანკის ქვედანაყოფებს შორის, არამედ საქსტატთანაც, ერთობლივი კვლევების ჩატარების ორგანიზების თვალსაზრისით.
2012 წლის აპრილიდან დაიწყო საქართველოს ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორების ყოველკვარტალური გამოქვეყნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვებგვერდზე (ფინანსური ინდიკატორები - http://elibrary-data.imf.org/Report.aspx?Report=4160268, მეტამონაცემები - http://fsi.imf.org/CountryList.aspx). აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი უკვე არის ისეთი საერთაშორისო სტატისტიკური ინიციატივების სრულუფლებიანი წევრი, როგორებიცაა მონაცემთა გავრცელების სპეციალური სტანდარტი (2010 წლის მაისიდან; საქსტატთან და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად; http://dsbb.imf.org/Pages/SDDS/CtyCtgList.aspx?ctycode=GEO) და საერთაშორისო რეზერვები და უცხოური ვალუტის ლიკვიდობა (2010 წლის აპრილიდან; http://www.imf.org/external/np/sta/ir/IRProcessWeb/data/geo/eng/curgeo.htm)