ფინანსური ნაკადების წყაროები იმერეთში

ფინანსური ნაკადების წყაროები იმერეთში

13 აპრილი, 2005
საქართველოს ეროვნული ბანკის ქუთაისის ფილიალის ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში, იმერეთის რეგიონში შემოსავლებისა და ფინანსური ნაკადების გენერირების ძირითად წყაროებს სამეწარმეო სფერო, ბიუჯეტი, საბანკო კრედიტები, ფიზიკური და იურიდიული პირების უცხოური ტრანსფერები წარმოადგენს. ამასთან, უცხოეთიდან გადმორიცხული თანხების როლი რეგიონის სოციალ-ეკონომიკურ ცხოვრებაში სულ უფრო მზარდ მნიშვნელობას იძენს.              იმერეთის მხარეში და ქალაქ ქუთაისში განთავსებული კომერციული ბანკების ფილიალების ქსელიდან მიღებული მონაცემებით,  რეგიონში მარტო 2004 წელს ,,ვესტერნ იუნიონის”, „მანიგრამისა“ და სხვა სწრაფი ფულადი   გზვნილების სისტემებით უცხოეთიდან (რუსეთი, თურქეთი, საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, პორტუგალია, აშშ და სხვ.) ჩამორიცხული თანხების მოცულობამ 142,079 მლნ ლარი (ეკვივალენტი უცხოურ ვალუტაში) შეადგინა, რაც 60%-ით აღემატება 2003 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.          აღსანიშნავია, რომ ფულადი გზავნილების მოცულობა 46 მლნ ლარით აღემატება საბიუჯეტო შემოსავლების მაჩვენებელს  და კიდევ უფრო მეტად – 80,6 მლნ-ით აღემატება იმერეთის რეგიონის მთლიან საბიუჯეტო ხარჯებს. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით საბიუჯეტო ხარჯებმა გასული წლის მანძილზე შეადგინა, დაახლოებით, 87 ლარი, მაშინ როცა უცხოური ტრანსფერის თანხამ  – 203 ლარი.          დაბალი შემოსავლების პირობებში, ფულადი გზავნილების უდიდესი ნაწილი, ტრადიციულად, რეგიონის მოსახლეობის მიერ მიმდინარე მოხმარების დაფინანსებაზე მიიმართება, რასაც ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ფიზიკური პირების განკარგულებაში დარჩენილი უცხოური ვალუტის 70% ეროვნულ ვალუტაზე გადაიცვალა.                              რეგიონში დაკრედიტების მაჩვენებელი          საქართველოს ეროვნული ბანკის ქუთაისის ფილიალის ინფორმაციით, 2004 წლის მანძილზე იმერეთში წარმოებული პროდუქციისა და მომსახურეობის საერთო მოცულობამ 308,506 მლნ ლარი შეადგინა, იმავე პერიდში რეგიონში გაცემული კრედიტების მოცულობამ კი 42,447 მლნ ლარი. ე.ი. საბანკო სექტორის მიერ გაცემულ ყოველ 1 ლარზე რეგიონის ეკონომიკა, საშუალოდ, 9 ლარის ღირებულების პროდუქციასა და მომსახურებას გამოიმუშავებდა.        კრედიტის მწარმოებლურობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად განსხვავდება დარგების მიხედვით, მაგალითად, სებ-ის  ქუთაისის ფილიალის ინფორმაციით,  ბანკების მიერ გასულ წელს მრეწველობაზე გაცემული კრედიტის ყოველი 1 ლარის წილად 32,5 ლარის ღირებულების წარმოებული პროდუქცია მოდის (შედარებისთვის, 2003 წლის ანალოგიური მაჩვენებელი 15,7 ლარს უდრიდა).      საანალიზო პერიოდში ძალზე მაღალია კრედიტის უკუგების მაჩვენებელი ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში. აქ ერთი ლარი კრედიტის წილ 110 ლარის ღირებულების წარმოებული პროდუქცია მოდის. რაც შეეხება საბანკო სექტორის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დებიტორს – ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს, რომელზეც საბანკო კრედიტების 38% მოდის, აქ კრედიტის უკუგების მაჩვენებელი უკვე რამდენიმე წელიწადი სტაბილურია და 10-11%-ის ფარგლებში მერყეობს.
სხვა სიახლეები