ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო დეპოზიტარმა კომპანიამ ClearStream ქართველ სპეციალისტებს გამოცდილება გაუზიარა
22 იანვარს, საქართველოს ეროვნულ ბანკს ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო დეპოზიტარი კომპანია ClearStream-ის წარმომადგენლები ეწვივნენ. სტუმრებმა საქართველოს ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკებისა და სხვა საფინანსო ინტიტუტების წარმომადგენლებისათვის სამუშაო შეხვედრა გამართეს.
ClearStream-ის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ქართველ სპეციალისტებს დეტალურად გააცნეს საერთაშორისო დეპოზიტარისა და გლობალური ქასთოდიანების საქმიანობა, საერთაშორისო დეპოზიტარებში DvP (Delivery Versus Payment) ანგარიშსწორების საფუძველები, ასევე ფასიანი ქაღალდების ემისიასთან დაკავშირებული სხვადასხვა სერვისები. მიაწოდეს ინფორმაცია საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების ოპერაციებთან დაკავშირებული რეგულაციების შესახებ, Target 2-სა და ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) მონაწილეობის მიმოხილვა და მნიშვნელობა იმ ბანკებისათვის, რომლებიც ევროზონაში გამოშვებული ფასიანი ქაღალდებით ოპერირებენ.
Deutsche Börse-ის შვილობილი კომპანია ClearStream, რომელიც 2000 წელს ჩამოყალიბდა წარმოადგენს ევროპის წამყვან საერთაშორისო ცენტრალური ფასიანი ქაღალდების დეპოზიტარს (ICSD), იმავდროულად არის გერმანიისა და ლუქსემბურგის ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარიც.
ClearStream ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეებს სთავაზობს ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორების სრულმასშტაბიან სერვისს, უზრუნველყოფს ფულადი სახსრებისა და ფასიანი ქაღალდების დაუყოვნებლივ და უსაფრთხო ანგარიშსწორებას კონტრაგენტ მხარეებს შორის. გარდა ამისა, კლიენტების სახელით ClearStream ინახავს, მართავს და ადმინისტრირებას უკეთებს ფასიან ქაღალდებს.
ClearStream-ს საქმიანი ურთიერთობა აქვს 110 ქვეყნის 2500 ფინანსურ ინსტიტუტთან. მისი გლობალური ქსელი 50-მდე ფინანსურ ბაზარს ფარავს. მისი კლიენტების ყოველდღიური ტრანზაქციების რაოდენობა კი 250 ათასს აღწევს. ClearStream ფინანსურ ინსტიტუტებს სთავაზობს ფასიანი ქაღალდების ერთ-ერთ სრულყოფილ საერთაშორისო სერვისს.