სს ,,საქართველოს ბანკის“ მიერ სს ,,თბილუნივერსალბანკის” აქციების შესყიდვის თაობაზე

სს ,,საქართველოს ბანკის“ მიერ სს ,,თბილუნივერსალბანკის” აქციების შესყიდვის თაობაზე

03 ნოემბერი, 2004
  3 ნოემბერს ეროვნულ ბანკში გაიმართა სს ,,საქართველოს ბანკის“ მიერ სს ,,თბილუნივერსალბანკის” 80.01%-აქციების შესყიდვის თაობაზე ხელმოწერილი მემორანდუმის პრეზენტაცია. აღნიშნულ გარიგებასთან დაკავშირებით, სს ,,საქართველოს ბანკმა“ ასევე მიაღწია შეთანხმებას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან სს ”თბილუნივერსალბანკში” მისი კუთვნილი აციების წილის გამოსყიდვის შესახებ. ორივე გარიგება, სავარაუდოდ, დეკემბერში დასრულდება. გარიგებების პირობების თანახმად, “საქართველოს ბანკი” შეისყიდის “თბილუნივერსალბანკის” აქციათა 100%-ს, უმეტესწილად “საქართველოს ბანკის” ახლადემიტირებული აქციების (1,116,153 - 1,316,153 ცალი აქცია, გარიგების დასრულების შემდგომ დადგენილი გარემოებების მიხედვით) სანაცვლოდ.გარიგების დასრულების შემდგომ დადგენილი გარემოებების დაზუსტება მოხდება 2005 წლის 30 აპრილისთვის. სებ-ის პრეზიდენტის ირაკლი მანაგაძის განცხადებით, ეროვნული ბანკი მიესალმება ასეთი სახის გარიგებას ორ მნიშვნელოვან ქართულ კომერციულ ბანკს შორის. ცენტრალური ბანკის საბჭოს დადებითი პოზიცია კომერციული ბანკების კონსოლიდაციის მიმართ რამდენიმე წელია ჩამოყალიბებულია და გაცხადებულია.          “საქართველოს ბანკის მიერ“ “თბილუნივერსალბანკის” შესყიდვა მეტყველებს საქართველოს საბანკო სისტემის მოქნილობასა და კონკურენტუნარიანობაზე. ეს მნიშვნელოვანი ფაქტია მთელი საბანკო სისტემის შემდგომი განვითარებისათვის. ეს მოვლენა საწყისი ეტაპია სისტემის შემდგომი კონსოლიდაციის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გარიგება ბაზრის სხვა მონაწილეებსაც მისცემს სტიმულს”,- განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ირაკლი მანაგაძემ.  სს “საქართველოს ბანკის” გენერალურმა დირექტორის  ლადო გურგენიძის ინფორმაციით, შესყიდვის მთლიანი ფასი, რომელიც საბალანსო ღირებულების 100% - 124%-ით განისაზღვრება (გარიგების დასრულების შემდგომ დადგენილი გარემოებების მიხედვით), ასახავს შესაძენი აქტივის მაღალ ხარისხს. “თბილუნივერსალბანკი” საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო ბანკად მოიაზრება. აღნიშნული გარიგება საბაზრო წილისა და კლიენტურის ბაზის გაზრდას განაპირობებს, რაც სს ,,საქართველოს ბანკის” კონკურენტუნარიანობას მნიშვნელოვნად აამაღლებს.  მისივე თქმით, ეს იქნება უდიდესი შესყიდვა ბანკის ისტორიაში,  საინტეგრაციო რისკებს კი შეამცირებს ის გარემოება, რომ ორივე ბანკი ერთნაირი საბანკო პროგრამული უზრუნველყოფით სარგებლობს.
სხვა სიახლეები