ეროვნულმა ბანკმა საკრედიტო აუქციონზე საკომისიო გადასახდელი შეამცირა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონებზე ბანკებისათვის მომსახურების საკომისიო გადასახდელი შეამცირა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ეროვნული ბანკის ბანკთაშორის საკრედიტო რესურსების აუქციონებზე მონაწილეობისათვის კომერციულ ბანკებს გარიგების ოდენობიდან წლიური 1 პროცენტის ნაცვლად 0,1 პროცენტის გადახდა მოუწევთ. შემცირებული საპროცენტო განაკვეთი ამ ბაზრის მომხივლელობას გაზრდის და კომერციულ ბანკეის მხრიდან საკრედიტო რესურსების გაიაფებას შეუწყობს ხელს.
ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონზე საკომისიო გადასახდელის შემცირების მომხრეა
თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ვალუტით ვაჭრობაზე საკომისიო გადასახდელის ორჯერ შემცირებაა მოსალოდნელი, რომელიც, ამ ეტაპზე, გარიგების მოცულობის 0,1 პროცენტს შეადგენს. ბირჟაზე საკომისიოს იხდის როგორც ვალუტის მყიდველი, ასევე გამყიდველი, რაც, ჯამში, გარიგების 0,2 პროცენტს შეადგენს, რაც საბირჟო გარიგებებში მონაწილე ბანკებს ხარჯებს უზრდის. ვალუტით ვაჭრობაზე საკომისიო გადასახდელის შემცირების თაობაზე გადაწყვეტილებას თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟა დამფუძნებელთა უახლოეს სხდომაზე მიიღებს.
სავალუტო რეზერვები 470 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოს – საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭომ განიხილა ეროვნული ბანკის მიერ წლის პირველ კვარტალში ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის და ეროვნული ფულადი ერთეულის სიმყარის, სავალუტო რეზერვების და კაპიტალის ბაზრების მიმართ გატარებული პოლიტიკის შედეგები.
ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ დამატებითი შემოსავლებისა და ქვეყანაში ჭარბი ფულადი მასის მომატების ფაქტორი მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება, რაც ეროვნული ბანკიდან მოითხოვს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტებისა მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებას ლარის სიმყარისა და ინფლაციის შეჩერების მიზნით. ეროვნული ბანკი ამ საკითხებზე გაააქტიურებს მთავრობასთან ურთიერთობებს, რაც აუცილებელია ქვეყნის ფულად-საკრედიტო პოლიტიკისა და მაკროეკონომიკური გარემოს ჰარმონიზაციისათვის.
გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მართვის და რისკების დივერსიფიცირების სტრატეგია განიხილა. საბჭოს გადაწყვეტილებით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვის კალათაში აშშ დოლარი 70, ხოლო ევრო 30 პროცენტით იქნება წარმოდგენილი. ეროვნულ ბანკში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული, რომელთა შორისაა სავალუტო რისკების დივერსიფიცირება და რეზერვების მართვისგან მისაღები შემოსავლების ზრდა. გარდა ამისა, რეზერვების გადანაწილების პროპორცია მოსახერხებელი უნდა იყოს იმისათვის, რომ ქვეყანა შეუფერხებლად მოემსახუროს საგარეო ვალებს, რომელიც, ძირითადად, აშშ დოლარშია ნომინირებული. ასევე ხელი შეუწყოს სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობას.
საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2005 წლის პირველ კვარტალის შემდეგ რეზერვი 380 მილიონი აშშ დოლარიდან დღეისათვის 460 მილიონს შეადგენს.
საბჭომ ასევე იმსჯელა მიმდინარე და ეროვნული ბანკის ფილიალების ოპტიმიზაციის საკითხებზე.
50 თეთრიანი მონეტა ახალი დიზაინით მოიჭრება
საქართველოს ეროვნულმა ბანკის საბჭომ 50 თეთრის ნომინალის ახალი დიზაინის მონეტის დამზადების საკითხი განიხილა. საბჭომ მიიჩნია, რომ ახალ მონეტაზე სახელმწიფო გერბი უნდა გამოისახოს. 50 თეთრის ნომინალის მონეტების გაყალბების ფაქტებიდან გამომდინარე, საჭიროა მისი დამზადებისას ახალი ლითონის გამოყენება, რის შედეგადაც მოიჭრება სრულიად ახალი 50 თეთრის ნომინალის მონეტა. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალი მონეტა ბრუნვაში 2005 წლის ბოლომდე შევა.