სებ-ში ეროვნული ბანკისა და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის ხელმძღვანელთა შეხვედრა გაიმართა
28 აპრილი, 2004
28 აპრილს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ირაკლი მანაგაძე და ვიცე-პრეზიდენტი მერაბ კაკულია საქართველოში ვიზიტად მყოფ შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს მუსტაფა გიურტანსა და ბანკის გენერალურ მდივანს ჰარალამპოს საროუჩს შეხვდნენ. შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოში შექმნილი საფინანსო კლიმატის შესახებ ინფორმაციის მიღებასა და თანამშრომლობის შემდგომი პერსპექტივების განხილვას, საქართველოს საბანკო სისტემისა და ადგილობრივი საკრედიტო ბაზარის შესწავლას. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ირაკლი მანაგაძის თქმით, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკსა და ქართულ კომერციულ ბანკებს შორის თანამშრომლობას, კარგი პერსპექტივა აქვს.შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი 1994 წელს დაარსდა და მისი მიზანია ბისეკის წევრ ქვეყნებს შორის რეგიონალური პროექტების დაფინანსება. ბანკის საწესდებო კაპიტალი 1 მლრდ SDR-ს, დაახლოებით1.4 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. საწესდებო ფონდი დაყოფილია 1 მლნ აქციად. თითოეული აქციის ნომინალური ღირებულებაა 1000 SDR. ბანკის კაპიტალში დამფუძნებელი ქვეყნების შესატანი წილების ქვოტები შემდეგნაირად განისაზაღვრა: საბერძნეთი, თურქეთი, რუსეთი -16.5%, რუმინეთი, ბულგარეთი, უკრაინა -13.5 %. ხოლო საქართველო , სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა და ალბანეთი –2%, რაც 20 მლნ SDR-ის ნომინალური ღირებულების 20000 აქციას შეადგენს. აქედან გამომდინარე, ბანკის კაპიტალში საქართველოს წილი, 2 მლნ SDR, ანუ დაახლოებით 2.8 მლნ აშშ დოლარია. შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა სრულმასშტაბიანი საბანკო ოპერაციების წარმოება 1999 წლის 1 ივნისიდან დაიწყო. ბანკის საქმიანობის მასშტაბები მსოფლიო ბანკის, ან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მასშტაბებზე მცირეა, მაგრამ მათგან განსხვავებით, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი უპირატესობას ანიჭებს ცალკეული ბანკების, ლიზინგური და ფაქტორინგული კომპანიების საინვესტიციო პროგრამების დაფინანსებას. შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკს გააჩნია საერთაშორისო რეიტინგი, რაც საერთაშორისო ბაზარზე ფართოდ გასვლის შესაძლებლობას იძლევა. საქართველოს მხრიდან ბანკის მმართველთა საბჭოს წარმომადგენლის, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის მერაბ კაკულიას ინფორმაციით, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის პროექტების საერთო მოცულობა საქართველოში 15 მლნ დოლარს შეადგენს. აქედან 10 მლნ ფოთის პორტის ნავთობის ტერმინალის თანადაფინანსებაზე მოდის, რომელიც უკვე მიმდინარეობს. დარჩენილი 5 მლნ-დან საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკის საგარეო ვაჭრობის პროექტი ფინანსდება. მიუხედავად საქართველოსთან წარმატებული თანამშრომლობისა, როგორი შეფასებაც მას ბანკის პრეზიდენტმა მუსტაფა გიურტანმა მისცა, საქართველო ფინანსური პრობლემების გამო ბანკის კაპიტალში წილობრივი კვოტის შემცირების წინაშე დადგა. ეს გადაწყვეტილება ქართულმა მხარემ მიმდინარე წლის მარტში მიიღო და ამ საკითხს საბოლოოდ 6-7 ივნისს ტირანაში, ალბანეთში, ბანკის მმართველთა საბჭოს სხდომაზე განიხილავენ. რის შემდეგაც უკვე შიდა პროცედურები განხორციელდება და საქართველოს კვოტა სავარაუდოდ 2%-დან 1 %-მდე შემცირდება.როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ კაკულიამ განმარტა ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს არც პროექტების, არც მომავალი თანამშრომლობის მასშტაბების შემცირებას. მსგავსი პრეცედენტი სომხეთის და მოლდოვას შემთხვევაშიც განხორციელდა, ამრიგად, ამ მხრივ, საქართველო ნამდვილად არ წარმოადგენს გამონაკლისს. ამასთან, კაკულიას ინფორმაციით, 2005 წლამდე სამი ქვეყნის მოლდოვას, სომხეთისა და საქართველოს აქციები არ გადანაწილდება სხვა აქციონერებზე. 2005 წელს კი შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის მმართველთა საბჭო გადაწყვეტილებას მიიღებს თუ როგორ გაანაწილოს სამი ქვეყნის შემცირებული აქციები. ძრითადი პრინციპი იქნება არ დაირღვეს ბალანსი, ანუ ძალთა არსებული თანაფარდობა ბანკის წევრ ქვეყნებს შორის. საქართველოს წილი კვოტის შემცირების საკითს არც მუსტაფა გიურტანი მიიჩნევს პრობლემად და აღნიშნვას, რომ ეს არავითარ ზეგავლენას არ მოახდენს შემდგომ თანმშრომლობაზე, რადგან დიდია ნდობა ქართული მხარისა და ქვეყნის პოტენციალის მიმართ. დღესვე შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის დელეგაცია საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრებზე ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაზრდის პერსპექტივის აუცილებლობას.