სებ-ი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს (რეფინანსირების განაკვეთი) ერთი პროცენტული პუნქტით, ცხრა პროცენტამდე ამცირებს

სებ-ი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს (რეფინანსირების განაკვეთი) ერთი პროცენტული პუნქტით, ცხრა პროცენტამდე ამცირებს

26 ნოემბერი, 2008

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა (მპკ) 2008 წლის 26 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) 100 საბაზისო პუნქტით შემცირების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9 პროცენტს შეადგენს.

დღევანდელი მსოფლიო იმყოფება 1930-იანი წლების დიდი დეპრესიის შემდეგ ყველაზე სერიოზულ საერთაშორისო ეკონომიკურ კრიზისში. მსოფლიოს მაკროეკონომიკური მოლოდინი პესიმისტურია და მშპ-ის ზრდის ტემპის გლობალურ და მკვეთრ შემცირებას პროგნოზირებს, მრავალ ქვეყანაში მშპ-ის დონის შემცირებაც კი არის მოსალოდნელი.

მსოფლიოს საფინანსო ბაზრებზე კვლავ მაღალი გაურკვევლობაა, თუმცა უფრო გაძლიერდა გლობალური რეცესიის მოლოდინი. პროგნოზების მიხედვით, შემცირდება მოთხოვნა საერთაშორისო ბაზრებზე, რაც საქართველოს ექსპორტზეც აისახება. საერთაშორისო ბაზრებზე განვითარებული მოვლენებისა და საქართველოში რუსული აგრესიის შედეგად შესუსტდა ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების მოლოდინები. აღნიშნული, თავის მხრივ, იწვევს საინვესტიციო და სამომხმარებლო ხარჯების შემცირებას. შედეგად, მცირდება იმპორტის მოთხოვნა და ფასები. მიუხედავად იმპორტის მოსალოდნელი შემცირებისა, ზემოთ აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, საქართველოს მშპ-ის ზრდა 2008 და 2009 წლებში, წინა წლებთან შედარებით, შემცირდება.

საქართველოსათვის გამოყოფილი საერთაშორისო დახმარებების პაკეტი საგრძნობლად შეარბილებს ზემოაღნიშნული ნეგატიური ფაქტორების გავლენას. საერთაშორისო დახმარება ფისკალური ბერკეტების გამოყენებით, კერძოდ, კაპიტალური ხარჯების გაწევა, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ აქტივობას.

საერთაშორისო ბაზრებზე ძირითად სასაქონლო პროდუქტებზე მოსალოდნელია ფასების მნიშვნელოვანი შემცირების ტენდენციის გაგრძელება, რაც ზრდის დეფლაციის რისკს. ინფლაციის პროგნოზით, უფრო მაღალი ალბათობაა, რომ ფაქტიური ინფლაციის მაჩვენებელი სამიზნე ინფლაციაზე დაბალი იყოს. ფასების შემცირების მიმართულებით მოქმედებს, ასევე, ფულადი აგრეგატების ზრდის დაბალი ტემპიც.

მიუხედავად იმისა, რომ მაღალი გაურკვევლობის გამო, ისევე როგორც მრავალ ქვეყანაში, საქართველოშიც შემცირებულია მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობა, ეკონომიკაზე მოქმედი ფუნდამენტური ფაქტორების არსებული პროგნოზებიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას შერბილების მიმართულებით ახორციელებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი, ინფლაციის მიზნობრივ ჩარჩოებში მოქცევის მიზნით, მომავალშიც ყურადღებით დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2008 წლის 24 დეკემბერს გაიმართება.

სხვა სიახლეები