სებ-ის პრეზიდენტის რუსეთის ცენტრალური ბანკის წარმომადგენელთან შეხვედრის შესახებ
18 მაისი, 2005
აფხაზეთში რუსეთის კომერციული ბანკების უკანონო საქმიანობა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რომან გოცირიძისა და რუსეთის ცენტრალური ბანკის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ალექსეი გუზნოვის შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი იყო. რომან გოცირიძემ რუსეთის ცენტრალური ბანკის წარმომადგენელს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა აფხაზეთში რუსეთის კომერციული ბანკების უკანონო საქმიანობისა და მათ მიერ განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის, რუსეთის მიერ არის აღიარებული. შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეროგატივაა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თავისი იურისდიქციის განხორციელება და საბანკო საქმიანობის რეგულირება. ამდენად, აფხაზეთის ტერიტორიაზე საბანკო საქმიანობაში რუსული ბანკების რაიმე ფორმით ჩარევა უკანონოა. „ქართული მხარე ეფექტური ერთობლივი ღონისძიებების განსახორციელებლად სრულ მზადყოფნას გამოხატავს და კოორდინირებული მუშაობისათვის მზად არის უზრუნველყოს თავისი სპეციალისტების, ასევე FATF-ისა და MONEYVAL-ის (ევროსაბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა კომიტეტი) ექსპერტების მივლინება რუსეთის ცენტრალურ ბანკში“ , – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ალექსეი გუზნოვს გააცნო რუსული საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული აფხაზეთის კომერციული ბანკის „გარანტ-ბანკის“ თავმჯდომარის მიხეილ ჩალმაზის კომენტარი, რომელშიც აფხაზური ბანკის ხელმძღვანელი აცხადებს: „რუსეთში არსებობს სპეციალური სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც აფხაზურ ბანკებზე მეთვალყურეობას ახორციელებს და ამდენად, არ შეიძლება ადგილი ჰქონდეს აფხაზური ბანკების გავლით ფულის გათეთრების შემთხვევებს.“ ამ განცხადებით მიხეილ ჩალმაზმა, ფაქტობრივად, აღიარა რუსეთისა და აფხაზეთის საბანკო სისტემებს შორის თანამშრომლობა, რომელზეც რომან გოცირიძის მიერ რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილშიც იყო საუბარი. რუსეთის ცენტრალური ბანკის წარმომადგენელმა არ დაადასტურა მის უწყებაში აფხაზეთის საბანკო სექტორის მარეგულირებელი ოფიციალური სახელმწიფო ორგანოს არსებობა. ალექსეი გუზნოვმა აღნიშნა, რომ მას არ გააჩნია ცნობა ასეთი სტრუქტურის არსებობის თაობაზე. შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 27-28 მაისს მონაწილეობას მიიღებს სანკტ-პეტერბურგში შუა აზიის, ბალკანეთისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველთა კლუბის ყოველწლიური შეხვედრის მუშაობაში, სადაც იგი აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული ბანკების უკანონო საქმიანობის შესახებ თავისი პოზიციის დაფიქსირებას აპირებს.