საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჰოლანდია-ბელგიის ჯგუფების წევრი ქვეყნების ყოველწლიურ შეხვედრას მასპინძლობს
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჰოლანდია-ბელგიის ჯგუფების წევრი ქვეყნების ყოველწლიური შეხვედრა (Constituency Meeting) დღეს სასტუმრო „თბილისი-მარიოტში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გახსნა. მისასალმებელი სიტყვით მაღალი რანგის სტრუმრებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, სსფ-ში საქართველოს მმართველმა, გიორგი ქადაგიძემ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მსოფლიო ბანკში საქართველოს მმართველმა, ნოდარ ხადურმა მიმართეს. ყოველწლიური შეხვედრის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წევრები, ასევე სსფ-სა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები საქართველოში.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა შეხვედრის საქართველოში გამართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა - “ეს არის უმაღლესი რანგის შეხვედრა, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ვინაიდან გვეძლევა შესაძლებლობა გავმართოთ ორმხრივი შეხვედრები ევროპის განვითარებული ქვეყნების უმაღლესი რანგის პირებთან, რომლებმაც უკვე გაიარეს ეკონომიკური განვითარების ის სტადია, რომელ სტადიაშიც დღეს საქართველო იმყოფება. ჩვენთვის მათი გამოცდილების გაზიარება, მათი წარმატებების და წარუმატებლობების გაანალიზება და შეფასება არის ძალიან ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ გავითვალისწინოთ სხვების განვლილი გზა და ქვეყნის განვითარება სამომავლოდ წარვმართოთ სწორად“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
ყოველწლიურ შეხვედრას ხელმძღვანელობდა ბელგიის ფინანსთა მინისტრი კუნ ჰეინსი (Koen Geens). შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მენო შნელმა (Menno Snel) და მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ფრანკ ჰიმსკერკმა (Frank Heemskerk) გახსნეს. სამი სამუშაო სესიის მიმდინარეობისას, დელეგაციების წევრები განიხილავდენ განვითარების, მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის საკითხებს. შეხვედრა ასევე შესაძლებლობას აძლევს მონაწილე ქვეყნებს ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება.
განასაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ აღნიშნული შეხვედრის მასპინძელი წელს საქართველოა, რაც ჯგუფის წევრი ქვეყნების ეკონომიკური პოლიტიკის განმახორციელებლებს შესაძლებლობას მისცემს ადგილზე გაეცნონ საქართველოს ეკონომიკას, მის ბიზნეს გარემოს, ქვეყნის ეკონომიკურ მიღწევებსა და გამოწვევებს. აღნიშული შეხვედრა მომავალში დახმარებას გაუწევს ადგილობრივ კომპანიებს ჯგუფის წევრ ქვეყნებთან ბიზნეს-ურთიერთობების აწყობასა და ინვესტიციების მოზიდვაში.
სესიების პარალელურად, გაიმართა ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები წევრი ქვეყნების დელეგაციებს შორის. შეხვედრის ოფიციალური გახსნის შემდეგ კი ქართული და უცხოური მედიისთვის გაკეთდა განცხადებები.
2013 წლის 31 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჰოლანდია-ბელგიის ჯგუფების წევრი ქვეყნების ყოველწლიურ შეხვედრას (Constituency Meeting) მასპინძლობდნენ. შეხვედრაში ჯგუფების წევრი 15 ქვეყნის (ბულგარეთი, ისრაელი, რუმინეთი, უკრაინა, ბელგია, ლუქსემბურგი, სომხეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ხორვატია, კვიპროსი, საქართველო, მაკედონია, მოლდოვა, მონტენეგრო, ნოდერლანდები) ცენტრალური ბანკების მმართველები, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები, მსოფლიო ბანკისა და სსფ-ს მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.