საქართველოში პლასტიკური ბარათების რაოდენობა ერთ წელიწადში გაორმაგდა
11 ოქტომბერი, 2006
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, წერილი მიიღო პლასტიკური ბარათების საერთაშორისო საგადამხდელო სისტემა VISA-სგან, სადაც აღნიშნულია მიღწეული წარმატება საქართველოში პლასტიკური ბარათების და ზოგადად უნაღდო ანგარიშსწორების განვითარების საქმეში. 2006 წლის ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში ემიტირებული VISA პლასტიკური ბარათების რაოდენობამ 500 ათასს გადააჭარბა, მაშინ როცა 2005 წელს მისი რაოდენობა 254 ათასი იყო (2006-2009 წლებში საბანკო სისტემის განვითარების სტრატეგიის მიხედვით, პლასტიკური ბარათების რაოდენობამ 2009 წლის ბოლოს 950 000 უნდა შეადგინოს. თუ არსებული ტენდენცია შენარჩუნდება აღნიშნული პარამეტრის მიღწევა უკვე 2007 წელს იქნება შესაძლებელი). ადგილობრივი ტრანზაქციების განვითარებას განსაკუთრებით შეუწყო ხელი, 2005 წელს ეროვნულ ბანკში GNNSS-ს (ეროვნული ნეტ ანგარიშსწორების სისტემა) VISA-სთან ერთად დანერგვამ.
2006 წლის ივნისის მონაცემებით VISA პლასტიკური ბარათების ბიზნესში ლიდერები არიან:
ბარათების რაოდენობით: საქართველოს ბანკი (ასოცირებული ბანკების ჩათვლით);
სავაჭრო ობიექტებში ბარათებზე წარმოებული ოპერაციების რაოდენობრივი და თანხობრივი სიდიდით: თიბისი ბანკი;
ბარათებით წარმოებული ყველა ოპერაციების (სავაჭრო ობიექტი, ბანკომატი, ბანკი) თანხობრივი სიდიდით: საქართველოს ბანკი (ასოცირებული წევრების ჩათვლით);
ბარათებით წარმოებული ყველა ოპერაციების (სავაჭრო ობიექტი, ბანკომატი, ბანკი) რაოდენობრივი სიდიდით: თიბისი ბანკი;
სავაჭრო ობიექტებში დადგმული პოს-ტერმინალებით (ექვაირინგი) წარმოებული ოპერაციების თანხობრივი სიდიდით: ქართუ ბანკი;
სავაჭრო ობიექტებში დადგმული პოს-ტერმინალებით (ექვაირინგი) წარმოებული ოპერაციების რაოდენობრივი სიდიდით: თიბისი ბანკი;
მთლიანი ექვაირინგის თანხობრივი სიდიდით (სავაჭრო ობიექტებში დადგმული პოს-ტერმინალებში, ბანკომატებში და ბანკში არსებული ტერმინალებში განხორციელებული ოპერაციები): პროკრედიტბანკი;
მთლიანი ექვაირინგის რაოდენობრივი სიდიდით (სავაჭრო ობიექტებში დადგმული პოს-ტერმინალებში, ბანკომატებში და ბანკში არსებული ტერმინალებში განხორციელებული ოპერაციები): თიბისი ბანკი;
ბანკომატების რაოდენობით: ქართუ ბანკი და საქართველოს ბანკი;
სავაჭრო ობიექტების რაოდენობით, სადაც პოს-ტერმინალებია დადგმული: თიბისი ბანკი;
ყველა იმ ობიექტების რაოდენობით, სადაც შესაძლებელია ვიზას ბარათების მიღება: ქართუ ბანკი.