საქართველოში პლასტიკური ბარათების რაოდენობამ მილიონ ერთეულს გადააჭარბა
30 აპრილი, 2007
საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების ერთ-ერთი ინსტრუმენტის – პლასტიკური ბარათების რაოდენობამ, 2007 წლის პირველი კვარტალის ბოლოსათვის, 1 მლნ ერთეულს გადააჭარბა, რაც 2006 წლის 31 დეკემბრის ანალოგიურ მონაცემს 163 ათასით აღემატება. 2006 წლის ბოლოს ქვეყანაში მიმოქცევაში იყო 922 ათასი პლასტიკური ბარათი.
მიმოქცევაში არსებული პლასტიკური ბარათების ბაზარი
სახეობათა მიხედვით (2007 წლის I კვარტალი)
საქართველოს პლასტიკური ბარათების ბაზარზე 2007 წლის I კვარტალში ქვეყნის შიგნით 406 მლნ ლარის მოცულობის 2.9 მლნ ოპერაცია განხორციელდა. მათ შორის VISA პლასტიკური ბარათებით 335.4 მლნ ლარის ოდენობის 2.6 მლნ ოპერაცია შესრულდა, EC/MC-ით (ევროქარდ-მასტერქარდი) – 65.2 მლნ ლარის მოცულობის 255 ათასი და G/C-ის (ჯეორჯიან ქარდის) გამოყენებით – 5.4 მლნ ლარის მოცულობის 19 ათასი ოპერაცია. საქართველოში ემიტირებული პლასტიკური ბარათებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ წარმოებულია 29 მლნ ლარის მოცულობის 54 ათასი ოპერაცია, მათ შორის, VISA პლასტიკური ბარათებით – 23.5 მლნ ლარის 47 ათასი ოპერაცია, EC/MC-ის მეშვეობით 5.5 მლნ ლარის ოდენობის 7 ათასი ოპერაცია.საანალიზო პერიოდში, უცხოეთში გამოშვებული პლასტიკური ბარათებით საქართველოში განხორციელდა 37 მლნ ლარის მოცულობის 108 ათასი ოპერაცია. მათ შორის, VISA პლასტიკური ბარათებით შესრულებულია 28 მლნ ლარის 90 ათასი ოპერაცია, ხოლო EC/MC-ით 9 მლნ ლარის 18 ათასი ოპერაცია.