საქართველოში კაპიტალის ლეგალიზება ლიბერალური ფორმით ხორციელდება

საქართველოში კაპიტალის ლეგალიზება ლიბერალური ფორმით ხორციელდება

09 აგვისტო, 2005
2006 წლის პირველი იანვრიდან რუსეთში ფიზიკური პირების კაპიტალს ამნისტია შეეხება. რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა განახორციელონ 2005 წლის პირველ იანვრამდე მიღებული შემოსავლების დეკლარირება და აღურიცხავი ფულადი სახსრები 13%-იანი საშემოსავლო გადასახადის დანამატთან ერთად რუსეთის კომერციულ ბანკებში შეიტანონ.   საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რომან გოცირიძის განცხადებით, კაპიტალის ამნისტიის გამოცხადება რუსეთის ხელისუფლების სწორად გადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს, „თუმცა იგი გაცილებით მძიმეა, ვიდრე ლეგალიზების ის სქემა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ შეიმუშავა. კაპიტალის ლეგალიზება ისეთი ლიბერალური ფორმით, როგორც ეს საქართველოში ხორციელდება, მსოფლიოში იშვიათად ხდება: იურიდიული პირები სრულად თავისუფლდებიან ყველა ძველი საგადასახადო ვალდებულებებისაგან; არადეკლარირებული შემოსავლის ლეგალიზება საბანკო სისტემის მეშვეობით ფიზიკურ პირებს ყოველგვარი გადასახადის გარეშე მიმდინარე წლის პირველ აგვისტომდე შეეძლოთ; საგადასახადო სამსახურში შემოსავლის დეკლარირების შემთხვევაში კი პირს გაცხადებული თანხის ან ქონების ღირებულების მხოლოდ 1%-ის გადახდა მოუწევს“, – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.   დაფარული ქონების (შემოსავლის) დეკლარირება-ლეგალიზაციის პროცესი საქართველოში 2005 წლიდან დაიწყო. შესაბამისი კანონის საფუძველზე, ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს მიმდინარე წლის პირველი მაისიდან პირველ აგვისტომდე შესაძლებლობა ჰქონდა, საქართველოს კომერციულ ბანკებში ვადიან ან შემნახველ ანაბარზე ეროვნული ან უცხოური ვალუტით ნაღდი ფულის შეტანის ან საზღვარგარეთიდან ფულადი სახსრების გადმორიცხვის გზით მოეხდინა დაფარული ქონების (შემოსავლის) დეკლარირება-ლეგალიზაცია. „სამწუხაროა, რომ საბანკო სისტემის მეშვეობით ლეგალიზების შანსი ბევრმა ხელიდან გაუშვა. თუმცა, თუ რუსეთის მაგალითს შევადარებთ, წლის ბოლომდე ლეგალიზების სხვა მეთოდის გამოყენების მიმზიდველობა აშკარად თვალშისაცემია“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.   „არადეკლარირებული შემოსავლების ლეგალიზების წინააღმდეგ ბრძოლა მთელ მსოფლიოში მკაცრდება. არა მგონია, უახლოესი ათწლეულების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებს ასეთი შანსი მეორედ მიეცეთ“, – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
სხვა სიახლეები