საქართველოში თურქეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის ვიზიტი დაიწყო
16 თებერვალი, 2006
საქართველოში თურქეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის სურეია სერდენგეჩთის სამდღიანი ვიზიტი დაიწყო. იგი თბილისში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ რომან გოცირიძის მოწვევით ჩამოვიდა.
ვიზიტის პირველ დღეს, 16 თებერვალს, რომან გოცირიძე სურეია სერდენგეჩთის შეხვდა და საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები წარუდგინა. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თურქ კოლეგას საქართველოში მიმდინარე ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიღწევები გააცნო. ამასთან, ისაუბრეს ორი ქვეყნის საბანკო სისტემებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთხელსაყრელი საინვესტიციო პირობების განმტკიცების თაობაზე.
შემდეგ საქართველოსა და თურქეთის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტებმა მასმედიის წარმომადგენლებისთვის ბრიფინგი გამართეს.
„თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი სურეია სერდენგეჩთი თავის სამშობლოში საბანკო რეფორმის ავტორად ითვლება. ცენტრალური ბანკის მისი მმართველობის პერიოდში ქვეყანაში წარმატებული ფულადი რეფორმა განხორციელდა. იგი მეტად ავტორიტეტული ფიგურაა. ამდენად, სურეია სერდენგეჩთის საქართველოში სტუმრობა და თურქეთის მონეტარული პოლიტიკის შესახებ გამოცდილების გაზიარება მეტად მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ბრიფინგზე რომან გოცირიძემ.
„რამდენიმე წლის წინ ვცდილობდით საქართველოსთან მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა დაგვემყარებინა, რაც ორმხრივი ინვესტიციების ზრდით გამოიხატებოდა. სამწუხაროდ, არც ისე შორეულ წარსულში თურქეთი საფინანსო კრიზისმა მოიცვა და ეს პროცესი შეფერხდა. ამჟამად სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. თურქეთში საბანკო რეფორმა გატარდა და მოვლენები მოსალოდნელზე სწრაფად განვითარდა. მისასალმებლია, რომ საქართველოს ეკონომიკა სტაბილურობას ინარჩუნებს და საბანკო სისტემა სწრაფი ტემპით ვითარდება. ეს გარემოება თურქული მხარისთვის საქართველოში კაპიტალდაბანდებების გაზრდის შესაძლებლობას კიდევ უფრო რეალურს გახდის“, – განუცხადა ჟურნალისტებს თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა.
ბრიფინგზე რომან გოცირიძემ თურქეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ საუბარში აღნიშნა, რომ „საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის თურქეთი ბრუნვის მოცულობის მიხედვით მეორე ადგილზეა. 2005 წლის განმავლობაში საქართველოს სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ თურქეთთან 400 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს ტენდენცია იმის პირობას ქმნის, რომ სამომავლოდ ორი ქვეყნის საქმიან წრეებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. საქართველოში მოქმედებს თურქეთის რესპუბლიკის სს „ზირაათბანკის“ თბილისის ფილიალი. თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის ვიზიტი თურქული საქმიანი წრეების მხრიდან ქართული საბანკო ბაზრისადმი ინტერესს მნიშვნელოვნად გაზრდის. 1997 წლიდან 2006 წლის პირველ იანვრამდე თურქეთიდან საქართველოში დაახლოებით 175 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა. იმედი მაქვს, საქართველოდან კაპიტალდაბანდებები თურქულ ბაზარზეც გადაინაცვლებს. ასე რომ, უახლოეს მომავალში თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებში დიდი საინვესტიციო ბუმია მოსალოდნელი“.
ბრიფინგის შემდეგ თურქეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში დაცულ მრავალსაუკუნოვანი ქართული ფულის ექსპონატებს გაეცნო. შთაბეჭდილების წიგნში სურეია სერდენგეჩთიმ ჩანაწერი გააკეთა: „ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მომიწვია. ორ სახელმწიფოში ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯები ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისათვის მეტად მნიშვნელოვანია. ამ შესაძლებლობის სათანადოდ შეფასება თურქეთ-საქართველოს კეთილდღეობის განმტკიცების საწინდარი იქნება“.
17 თებერვალს სასტუმრო „შერატონ-მეტეხი-პალასში“ თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი სურეია სერდენგეჩთი გამართავს პრეზენტაციას თემაზე – „მონეტარული ვითარება თურქეთში და ცენტრალური ბანკის როლი ამ პროცესში“.
თურქეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა მოინახულა თურქული კომერციული ბანკის „ზირაათბანკის“ თბილისის ოფისი, შემდეგ ქართველ კოლეგასთან ერთად საქართველოში მოქმედი თურქული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერთან.