საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2013 წელი, II კვარტალი)

საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2013 წელი, II კვარტალი)

30 სექტემბერი, 2013

წინა წლებისგან განსხვავებით, 2012 წლის მეორე ნახევრიდან, საგადასახდელო ბალანსის დეფიციტი მცირდება. 2013 წლის მეორე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 225.1 მლნ აშშ დოლარი (მშპ-ს 5.7 პროცენტი) შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 61.4 პროცენტით ნაკლებია.

წინა წლის მეორე კვარტალთან შედარებით, საქონლის ექსპორტი 106.9 მლნ აშშ დოლარით (12,1 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო იმპორტი 127.3 მლნ აშშ დოლარით (6,5 პროცენტით) შემცირდა, რის შედეგადაც საქონლით ვაჭრობის ბალანსის დეფიციტი შემცირდა და 848.7 მლნ აშშ დოლარი (1.4 მლრდ ლარი) შეადგინა. აღნიშნული 21.6 პროცენტით ნაკლებია 2012 წლის მეორე კვარტალთან შედარებით.

მომსახურების ბალანსი ტრადიციულად დადებითი იყო და 344.0 მლნ აშშ დოლარს (567.8 მლნ ლარს) შეადგენდა. აქედან,  მომსახურების ექსპორტი 725.7 მლნ აშშ დოლარია (1.2 მლრდ ლარი), რაც 21.6 პროცენტით მეტია 2012 წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით, ხოლო მომსახურე­ბის იმპორტი - 381.7 მლნ აშშ დოლარი, (629.9 მლნ ლარი) - 6.6 პროცენტით მეტია წინა წლის მეორე კვარტალთან შედარებით.

მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი ბალანსით ტურისტული მომსახურება გამოირჩევა (355.1 მლნ აშშ დოლარი ანუ 586.0 მლნ ლარი), რომელიც 2013 წლის მეორე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32.8 პროცენტით გაიზარდა.

შემოსავლის ბალანსმა 2013 წლის  კვარტალში -93.2 მლნ აშშ დოლარი (-153.8 მლნ ლარი) შეადგინა. შემოსავლის კრედიტი 217.3 მლნ აშშ დოლარი (358.7 მლნ ლარი) 24.1 პროცენტით ნაკლებია 2012 წლის მეორე კვარტალის მაჩვენებელზე. შემოსავლის დებეტმა 310.5 მლნ აშშ დოლარი (512.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 7.4 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მიმდინარე ტრანსფერები მიმდინარე ანგარიშის ყველაზე მსხვილი დადებითი კომპონენტია და 372.8 მლნ აშშ დოლარს (615.2 მლნ ლარს) შეადგენს, რაც წინა წლის შესაბამის პერი­ოდთან შედარებით 20.3 პროცენტით მეტია. აქედან, 397.7 მლნ აშშ დოლარი (656.3 მლნ ლარი) მიღებული, ხოლო 24.9 მლნ აშშ დოლარი (41.1 მლნ ლარი) გაცემული ტრანსფერებია. 2013 წლის მეორე კვარტალში სამთავრობო სექტორის წმინდა ტრანსფერები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 30.6 პროცენტით შემცირდა, ხოლო სხვა სექტორებისა -  25.2 პროცენტით გაიზარდა.

კაპიტალური ტრანსფერების წმინდა შემოდინებამ ამავე პერიოდში 39.3 მლნ აშშ დოლარი (64.8 მლნ ლარი) შეადგინა.

წმინდა უცხოური პირდაპირი ინვესტიციები, ამავე პერიოდში, 195.5 მლნ აშშ დოლარს (322.6 მლნ ლარს) შეადგენს. ამავდროულად, საქართველოში განხორციელებული უცხოური პირდაპირი ინვესტიციები მოცემულ პერიოდში 232.6 მლნ აშშ დოლარს (383.9 მლნ ლარს) გაუტოლდა, რაც  6.9 პროცენტით მეტია 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საქართველოში განხორციელებული უცხოური პირდაპირი ინვესტიციები წარმოდგენილია შემდეგი სახით: სააქციო კაპიტალმა შეადგინა მთლიანი ინვესტიციის 57.7 პროცენტი, რეინვესტირებულმა შემოსავალმა  33.2 პროცენტი,  ხოლო სხვა კაპიტალმა 9.2 პროცენტი. 

პორტფელის ინვესტიციების სალდომ -91.1 მლნ აშშ დოლარი (-150.3 მლნ ლარი) შეადგინა. პორტფელური ინვესტიციების აქტივები გაიზარდა 1.0 მლნ აშშ დოლარით (1.6 მლნ. ლარით), ხოლო ვალდებულებები შემცირდა 90.1 მლნ აშშ დოლარით (148.7 მლნ ლარით).

სხვა ინვესტიციების სალდო 2013 წლის მეორე კვარტალში 119.8 მლნ აშშ დოლარს (197.8 მლნ ლარს) შეადგენს. კვარტალის განმავლობაში აქტივები შემცირდა 89.2 მლნ აშშ დოლარით (147.3 მლნ ლარით), რაც დეპოზიტების და სავაჭრო კრედიტების შემცირებით იყო განპირობებული; ხოლო ვალდებულებები 30.6 მლნ აშშ დოლარით (50.5 მლნ ლარით) გაიზარდა. მოცემულ პერიოდში სხვა ინვესტიციების ვალდებულებეში სავაჭრო კრედიტები 62.6 მლნ აშშ დოლარით (103.4 მლნ ლარით) და სესხები 1.3 მლნ აშშ დოლარით (2.1 მლნ ლარით) გაიზარდა, ხოლო დეპოზიტები 88.6 მლნ აშშ დოლარით (146.3 მლნ ლარით) შემცირდა.

სარეზერვო აქტივები 2013 წლის მეორე კვარტალში ოპერაციული ცვლილებით 51.2 მლნ აშშ დოლარით (84.5 მლნ ლარით) გაიზარდა და 3.0 მლრდ აშშ დოლარი (4.9 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2013 წლის 4.0 თვის იმპორტს უზრუნველყოფს.

სხვა სიახლეები