საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2013 წელი, I კვარტალი)

საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2013 წელი, I კვარტალი)

28 ივნისი, 2013
წინა წლებისგან განსხვავებით, 2012 წლის მეორე ნახევრიდან, საგადასახდელო ბალანსის დეფიციტი მცირდება. 2013 წლის I კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 198.4 მლნ აშშ დოლარი (328.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 50 პროცენტით ნაკლებია.

წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით, საქონლის ექსპორტი 31.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 109.4 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, რის შედეგადაც საქონლით ვაჭრობის ბალანსის დეფიციტი შემცირდა და 741.6 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი) შეადგინა. აღნიშნული 16.0 პროცენტით ნაკლებია 2012 წლის I კვარტალთან შედარებით.

მომსახურების ბალანსი ტრადიციულად დადებითი იყო და 256.1 მლნ აშშ დოლარს (424.7 მლნ ლარს) შეადგენდა. აქედან, მომსახურების ექსპორტი 581.5 მლნ აშშ დოლარია (964.2 მლნ ლარი), რაც 16.9 პროცენტით მეტია 2012 წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით, ხოლო მომსახურების იმპორტი - 325.4 მლნ აშშ დოლარი (539.5 მლნ ლარი) – 10.3 პროცენტით მეტი წინა წლის I კვარტალთან შედარებით. 

მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი ბალანსით ტურისტული მომსახურება გამოირჩევა (244.8 მლნ აშშ დოლარი ანუ 405.9 მლნ ლარი), რომელიც 2013 წლის I კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30.7 პროცენტით გაიზარდა.

შემოსავლის ბალანსმა 2013 წლის I კვარტალში -67.2 მლნ აშშ დოლარი (-111.3 მლნ ლარი) შეადგინა. შემოსავლის კრედიტი 181.1 მლნ აშშ დოლარი (300.2 მლნ ლარი) 14.7 პროცენტით ნაკლებია 2012 წლის I კვარტალის მაჩვენებელზე. შემოსავლის დებეტმა 248.2 მლნ აშშ დოლარი (411.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 7.3 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მიმდინარე ტრანსფერები მიმდინარე ანგარიშის ყველაზე მსხვილი დადებითი კომპონენტია და 354.2 მლნ აშშ დოლარს (587.3 მლნ ლარს) შეადგენს, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.6 პროცენტით მეტია. აქედან, 379.7 მლნ აშშ დოლარი (629.5 მლნ ლარი) მიღებული, ხოლო 25.4 მლნ აშშ დოლარი (42.2 მლნ ლარი) გაცემული ტრანსფერებია. 2013 წლის I კვარტალში სამთავრობო სექტორის წმინდა ტრანსფერები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.0 პროცენტით შემცირდა, ხოლო სხვა სექტორებისა -  5.2 პროცენტით გაიზარდა.

კაპიტალური ტრანსფერების წმინდა შემოდინებამ 2013 წლის I კვარტალში 20.8 მლნ აშშ დოლარი (34.5 მლნ ლარი) შეადგინა.

წმინდა უცხოური პირდაპირი ინვესტიციები, ამავე პერიოდში, 210.9 მლნ აშშ დოლარს (349.6 მლნ ლარს) შეადგენს. ამავდროულად, საქართველოში განხორციელებული უცხოური პირდაპირი ინვესტიციები მოცემულ პერიოდში 226.2 მლნ აშშ დოლარს (375.1 მლნ ლარს) გაუტოლდა, რაც 15.9 პროცენტით ნაკლებია 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საქართველოში განხორციელებული უცხოური პირდაპირი ინვესტიციები წარმოდგენილია შემდეგი სახით: სააქციო კაპიტალმა შეადგინა მთლიანი ინვესტიციის 27.1 პროცენტი, რეინვესტირებულმა შემოსავალმა  34.7 პროცენტი,  ხოლო სხვა კაპიტალმა 38.2 პროცენტი.  

პორტფელის ინვესტიციების სალდომ -31.3 მლნ აშშ დოლარი (-51.9 მლნ ლარი) შეადგინა. პორტფელური ინვესტიციების აქტივები შემცირდა 2.8 მლნ აშშ დოლარით (4.6 მლნ. ლარით), ხოლო ვალდებულებები - 34.1 მლნ აშშ დოლარით (56.5 მლნ ლარით). ვალდებულებების კლება განაპირობა ერთ-ერთი კომერციული ბანკის მიერ თამასუქების დაფარვამ. 

სხვა ინვესტიციების სალდო 2013 წლის I კვარტალში 79.9 მლნ აშშ დოლარს (132.5 მლნ ლარს) შეადგენს. კვარტალის განმავლობაში აქტივები შემცირდა 45.8 მლნ აშშ დოლარით (75.9 მლნ ლარით), რაც დეპოზიტების და სესხების შემცირებით იყო განპირობებული; ხოლო ვალდებულებები 34.1 მლნ აშშ დოლარით (56.5 მლნ ლარით) გაიზარდა. მოცემულ პერიოდში სხვა ინვესტიციების ვალდებულებეში სავაჭრო კრედიტები 45.7 მლნ აშშ დოლარით (75.8 მლნ ლარით) და დეპოზიტები 50.9 მლნ აშშ დოლარით (84.4 მლნ ლარით) გაიზარდა, ხოლო სესხები 59.6 მლნ აშშ დოლარით (98.8 მლნ ლარით) შემცირდა, რაც ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ფონდის კრედიტის დაფარვამ განაპირობა. 

სარეზერვო აქტივები 2013 წლის I კვარტალში ოპერაციული ცვლილებით 92.5 მლნ აშშ დოლარით (153.4 მლნ ლარით) გაიზარდა და 2.9 მლრდ აშშ დოლარი (4.9 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2013 წლის 4.6 თვის იმპორტს უზრუნველყოფს. 

სხვა სიახლეები