საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2012 წელი, III კვარტალი)

საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2012 წელი, III კვარტალი)

31 დეკემბერი, 2012

2012 წლის III კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 454.6 მლნ აშშ დოლარი ( 750.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.3 პროცენტით ნაკლებია.

წინა წლის მესამე კვარტალთან შედარებით, საქონლის ექსპორტი 146.3 მლნ აშშ დოლარით, ხოლო იმპორტი 304.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რის შედეგადაც საქონლით ვაჭრობის ბალანსის დეფიციტი გაიზარდა  და 1142.3 მლნ აშშ დოლარი (1.9 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 16.1 პროცენტით მეტია 2011 წლის III კვარტალთან შედარებით.

2012 წლის III კვარტალში მომსახურების ბალანსი დადებითია და 360.4 მლნ აშშ დოლარს (595.1 მლნ ლარს) შეადგენს. აქედან,  მომსახურების ექსპორტი 790.4 მლნ აშშ დოლარია (1.3 მლრდ ლარი), რაც 28.3 პროცენტით მეტია 2011 წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით, ხოლო მომსახურე­ბის იმპორტი - 430.1 მლნ აშშ დოლარი (710.1 მლნ ლარი) - 24.0 პროცენტით მეტი წინა წლის III კვარტალთან შედარებით.

მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი ბალანსით ტურისტული მომსახურება გამოირჩევა (411.7 მლნ აშშ დოლარი ანუ 679.8 მლნ ლარი), რომელიც 2012 წლის III კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  56.6 პროცენტით გაიზარდა.

შემოსავლის ბალანსმა 2012 წლის III კვარტალში -8.2 მლნ აშშ დოლარი (-13.6 მლნ ლარი) შეადგინა. შემოსავლის კრედიტი 251.7 მლნ აშშ დოლარი (415.7 მლნ ლარი) 13.9 პროცენტით მეტია 2011 წლის III კვარტალის მაჩვენებელზე. შემოსავლის დებეტმა 260.0 მლნ აშშ დოლარი (429.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 21.7 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მიმდინარე ტრანსფერები მიმდინარე ანგარიშის  ყველაზე მსხვილი დადებითი კომპონენტია და 335.6 მლნ აშშ დოლარს (554.4 მლნ ლარს) შეადგენს, რაც წინა წლის შესაბამის პერი­ოდთან შედარებით 5.1 პროცენტით მეტია აქედან, 362.7 მლნ აშშ დოლარი (599,0 მლნ ლარი) მიღებული, ხოლო 27.1 მლნ აშშ დოლარი (44.8 მლნ ლარი) გაცემული ტრანსფერებია. 2012 წლის III კვარტალში სამთავრობო სექტორის წმინდა ტრანსფერები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 30.8 პროცენტით შემცირდა, ხოლო სხვა სექტორებისა 8.6 პროცენტით გაიზარდა.

კაპიტალური ტრანსფერების წმინდა შემოდინებამ 2012 წლის III კვარტალში 28.3 მლნ აშშ დოლარი (46.7 მლნ ლარი) შეადგინა.

წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2012 წლის III კვარტალში 136.2 მლნ აშშ დოლარს (224.9 მლნ ლარს) შეადგენს. ამავდროულად, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მოცემულ პერიოდში 195.4 მლნ აშშ დოლარს (322.7 მლნ ლარს) გაუტოლდა, რაც  38.3 პროცენტით ნაკლებია 2011 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წარმოდგენილია შემდეგი სახით: ინვესტიციამ სააქციო კაპიტალში შეადგინა  59.9 პროცენტი, რეინვესტირებულმა შემოსავალმა  27.9 პროცენტი, ხოლო სხვა კაპიტალმა 12.2 პროცენტი.

პორტფელის ინვესტიციების სალდომ  298.4 მლნ აშშ დოლარი (492.7 მლნ ლარი) შეადგინა, საქართველოდან საზღვარგარეთ განხორციელდა 0.3 მლნ დოლარის (0.6 მლნ ლარი) პორტფელის ინვესტიცია, ხოლო საზღვარგარეთიდან ქვეყანაში - 298.7 მლნ დოლარის (570.4 მლნ ლარი). ვალდებულებების ზრდა ძირითადად გამოწვეული იყო საქართველოს რკინიგზის მიერ ახალი სავალო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით.

სხვა ინვესტიციების სალდო 2012 წლის III კვარტალში 84.7 მლნ აშშ დოლარს (139.9 მლნ ლარი) შეადგენს. კვარტალის განმავლობაში აქტივები გაიზარდა 370.7 მლნ აშშ დოლარით (612.2 მლნ ლარით), რაც დეპოზიტების ზრდით იყო განპირობებული; ხოლო ვალდებულებები 455.5 მლნ აშშ დოლარით (752.1 მლნ ლარით). სხვა ინვესტიციების ვალდებლებების ზრდა მოცემულ პერიოდში განპირობებული იყო კერძო სექტორის სესხების ზრდით.

სარეზერვო აქტივები 2012 წლის III კვარტალში ოპერაციული ცვლილებით 108.2 მლნ აშშ დოლარით (178.7 მლნ ლარით) გაიზარდა და 2.9 მლრდ აშშ დოლარი (4.8 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 3.8 თვის იმპორტს უზრუნველყოფს.

სხვა სიახლეები