საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2011 წელი, III კვარტალი)

საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2011 წელი, III კვარტალი)

30 დეკემბერი, 2011

2011 წლის III კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 514.1 მლნ აშშ დოლარი ( 853.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალთან შედარებით 15.3 პროცენტით მეტია.

საანგარიშო პერიოდში, წინა კვარტალთან შედარებით, საქონლის ექსპორტი 63.3 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო იმპორტი 166.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რის შედეგადაც საქონლით ვაჭრობის ბალანსის დეფიციტი გაიზარდა და 962.5 მლნ აშშ დოლარი (1.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც  31.4 პროცენტით მეტია წინა კვარტალთან და 45.4 პროცენტით მეტი 2010 წლის III კვარტალთან შედარებით.

მომსახურების ბალანსი დადებითია და 2011 წლის III კვარტალში 263.0 მლნ აშშ დოლარს (436.4 მლნ ლარს) შეადგენს. აქედან,  მომსახურების ექსპორტი 608.9 მლნ აშშ დოლარია (1.0 მლრდ ლარი), რაც 30.9 პროცენტით მეტია წინა კვარტალთან და 23.6 პროცენტით მეტი 2010 წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით, ხოლო მომსახურების იმპორტი – 345.8 მლნ აშშ დოლარია (573.9 მლნ ლარი), რაც 9.8 პროცენტით მეტია წინა კვარტალთან და 18.9 პროცენტით მეტი 2010 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი ბალანსით ტურისტული მომსახურება ხასიათდება (257.9 მლნ აშშ დოლარი ანუ 427.9 მლნ ლარი), რომელიც 2011 წლის III კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით 58.4 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - 45.8 პროცენტით. მეორე დადებითი კომპონენტია სატრანსპორტო მომსახურება (30.7 მლნ აშშ დოლარი ანუ 50.9 მლნ ლარი), რომლის ექსპორტი წინა კვარტალთან შედარებით გაიზარდა 12.6 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.9 პროცენტით. სატრანსპორტო მომსახურების იმპორტი წინა კვარტალთან შედარებით 12.4 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა 22.2 პროცენტია.

შემოსავლის ბალანსმა 2011 წლის III კვარტალში - 133.6 მლნ აშშ დოლარი (-221.7 მლნ ლარი) შეადგინა. შემოსავლის კრედიტი 162.7 მლნ აშშ დოლარია (270.0 მლნ ლარი), 20.6 პროცენტით მეტი წინა კვარტალის და 49.9 პროცენტით მეტი 2010 წლის III კვარტალის მაჩვენებელზე. შემოსავლის დებეტმა 296.3 მლნ აშშ დოლარი (491.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 2.5 პროცენტითა და 39.3 პროცენტით მეტია, შესაბამისად, წინა კვარტალთან და  გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მიმდინარე ტრანსფერების მოცულობა 2011 წლის III კვარტალში მიმდინარე ანგარიშის ყველაზე მაღალი დადებითი კომპონენტია და 319.0 მლნ აშშ დოლარს (529.3 მლნ ლარს) შეადგენს, რაც წინა კვარტალთან შედარებით 9.8 პროცენტით მეტია, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.2 პროცენტით მეტი. აქედან, 342.4 მლნ აშშ დოლარი (568.2 მლნ ლარი) მიღებული, ხოლო 23.4 მლნ აშშ დოლარი (38.9 მლნ ლარი) გაცემული ტრანსფერებია. 2011 წლის III კვარტალში სამთავრობო სექტორის წმინდა ტრანსფერები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 40.2 პროცენტით შემცირდა, ხოლო სხვა სექტორებისა 26.7 პროცენტით გაიზარდა.

კაპიტალური ტრანსფერების წმინდა შემოდინებამ 2011 წლის III კვარტალში 28.1 მლნ აშშ დოლარი (46.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალთან შედარებით 41.0 პროცენტით, ხოლო 2010 წლის III კვარტალთან შედარებით 46.7 პროცენტით  ნაკლებია. მათში სამთავრობო სექტორის კაპიტალური ტრანსფერები საანგარიშო პერიოდში 24.6 მლნ აშშ დოლარი (40.9 მლნ ლარი) იყო, 44.0 პროცენტით ნაკლები წინა კვარტალთან და 49.5 პროცენტით ნაკლები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2011 წლის III კვარტალში 268.0 მლნ აშშ დოლარს (444.7 მლნ ლარს) შეადგენს. ამავდროულად, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მოცემულ პერიოდში 266.0 მლნ აშშ დოლარს (441.5 მლნ ლარს) გაუტოლდა, რაც  35.0 პროცენტით მეტია წინა კვარტალთან და 17.6 პროცენტით მეტი 2010 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიდან ინვესტიცია სააქციო კაპიტალში შეადგენდა 128.5 მლნ აშშ დოლარს (213.2 მლნ ლარს), რეინვესტირებული შემოსავალი - 93.3 მლნ აშშ დოლარს (154.8 მლნ ლარს), ხოლო სხვა კაპიტალი - 44.3 მლნ აშშ დოლარს (73.5 მლნ ლარს).

სხვა ინვესტიციების დადებითმა სალდომ საანგარიშო პერიოდში 230.6 მლნ აშშ დოლარი (382.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალთან შედარებით 66.5 პროცენტით მეტია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში სხვა ინვესტიციების სალდო უარყოფითი იყო და -108.5 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. სხვა ინვესტიციების აქტივები 2011 წლის III კვარტალში 106.1 მლნ აშშ დოლარით (176.1 მლნ ლარით) გაიზარდა, ხოლო ვალდებულებები საანგარიშო პერიოდში აქტივებთან შედარებით 3.2-ჯერ (336.7 მლნ აშშ დოლარით ანუ 558.7 მლნ ლარით) გაიზარდა.

სარეზერვო აქტივები 2011 წლის III კვარტალში ოპერაციული ცვლილებით 48.5 მლნ აშშ დოლარით (80.5 მლნ ლარით) გაიზარდა.

სხვა სიახლეები