საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2011 წელი, II კვარტალი)
2011 წლის II კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 467.5 მლნ აშშ დოლარი (778.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალთან შედარებით 30.1 პროცენტით მეტია.
საანგარიშო პერიოდში, წინა კვარტალთან შედარებით, საქონლის ექსპორტი 174.6 მლნ აშშ დოლარით, ხოლო იმპორტი 222.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რის შედეგადაც საქონლით ვაჭრობის ბალანსის დეფიციტი გაიზარდა და 733.9 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 7.0 პროცენტით მეტია წინა კვარტალთან და 14.3 პროცენტით მეტი 2010 წლის II კვარტალთან შედარებით.
მომსახურების ბალანსი დადებითია და 2011 წლის II კვარტალში 147.4 მლნ აშშ დოლარს (245.4 მლნ ლარს) შეადგენს. აქედან, მომსახურების ექსპორტი 462.1 მლნ აშშ დოლარია (769.6 მლნ ლარი), რაც 17.0 პროცენტით მეტი წინა კვარტალთან და 30.4 პროცენტით მეტი 2010 წლის ანალოგიურ კვარტალთან შდარებით, ხოლო მომსახურების იმპორტი – 314.7 მლნ აშშ დოლარი (524.2 მლნ ლარი), 26.0 პროცენტით მეტია წინა კვარტალთან და 19.6 პროცენტით მეტი 2010 წლის ანალოგიურ პერიოდთან შდარებით.
მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი ბალანსით ტურისტული მომსახურება ხასიათდება (162.3 მლნ აშშ დოლარი ანუ 270.3 მლნ ლარი), რომელიც 2011 წლის II კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით 33.3 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - 90.1 პროცენტით. მეორე დადებითი კომპონენტია სატრანსპორტო მომსახურება (24.4 მლნ აშშ დოლარი ანუ 40.6 მლნ ლარი), რომლის ექსპორტი წინა კვარტალთან შედარებით გაიზარდა 6.9 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.6 პროცენტით. სატრანსპორტო მომსახურების იმპორტი წინა კვარტალთან შედარებით 23.9 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა 27.0 პროცენტია.
შემოსავლის ბალანსი 2011 წლის II კვარტალში უარყოფითი იყო და 162.9 მლნ აშშ დოლარი (271.2 მლნ ლარი) შეადგინა. შემოსავლის კრედიტი 124.9 მლნ აშშ დოლარია (208.1 მლნ ლარი), 16.4 პროცენტით მეტი წინა კვარტალის და 24.2 პროცენტით მეტი 2010 წლის II კვარტალის მაჩვენებელზე. შემოსავლის დებეტმა 287.8 მლნ აშშ დოლარი (479.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 38.7 პროცენტითა და 88.4 პროცენტით მეტია, შესაბამისად, წინა კვარტალთან და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
მიმდინარე ტრანსფერების მოცულობა 2011 წლის II კვარტალში მიმდინარე ანგარიშის ყველაზე მაღალი დადებითი კომპონენტია და 282.0 მლნ აშშ დოლარს (469.6 მლნ ლარს) შეადგენს, რაც წინა კვარტალთან შედარებით 0.1 პროცენტით მეტია, ხოლო წინა წლის შესაბამის პერი¬ოდთან შედარებით 22.1 პროცენტით მეტი. აქედან, 302.0 მლნ აშშ დოლარი (503.0 მლნ ლარი) მიღებული, ხოლო 20.1 მლნ აშშ დოლარი (33.4 მლნ ლარი) გაცემული ტრანსფერებია. 2011 წლის II კვარტალში სამთავრობო სექტორის წმინდა ტრანსფერები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 77.7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო სხვა სექტორებისა - 16.7 პროცენტით.
კაპიტალური ტრანსფერების წმინდა შემოდინება 2011 წლის II კვარტალში 46.7 მლნ აშშ დოლარს (77.7 მლნ ლარს) შეადგენდა და წინა კვარტალთან შედარებით 15.1 პროცენტით ნაკლებია, ხოლო 2010 წლის II კვარტალთან შედარებით 12.2 პროცენტით მეტია. მათში სამთავრობო სექტორის კაპიტალური ტრანსფერები საანგარიშო პერიოდში 42.2 მლნ აშშ დოლარი (70.3 მლნ ლარი) იყო, 15.5 პროცენტით ნაკლები წინა კვარტალთან და 18.7 პროცენტით მეტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2011 წლის II კვარტალში 262.8 მლნ აშშ დოლარს (437.7 მლნ ლარს) შეადგენს. ამავდროულად, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მოცემულ პერიოდში 263.9 მლნ აშშ დოლარს (439.5 მლნ ლარს) გაუტოლდა, რაც 51.9 პროცენტით მეტია წინა კვარტალთან და 26.7 პროცენტით მეტი 2010 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიდან ინვესტიცია სააქციო კაპიტალში შეადგენდა 149.1 მლნ აშშ დოლარს (248.2 მლნ ლარს, რეინვესტირებული შემოსავალი - 111.7 მლნ აშშ დოლარს
(186.1 მლნ ლარს), ხოლო სხვა კაპიტალი - 3.1 მლნ აშშ დოლარს (5.2 მლნ ლარს).
სხვა ინვესტიციების დადებითმა სალდომ საანგარიშო პერიოდში 141.1 მლნ აშშ დოლარი (235.0 მლნ ლარი) შეადგინა და წინა კვარტალთან შედარებით 71.8 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 64.0 პროცენტით გაიზარდა. სხვა ინვესტიციების აქტივები საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 139.0 მლნ აშშ დოლარით (231.5 მლნ ლარით) შემცირდა, ხოლო ვალდებულებები - 2.1 მლნ აშშ დოლარით (3.5 მლნ ლარით) გაიზარდა.
სარეზერვო აქტივები 2011 წლის II კვარტალში ოპერაციული ცვლილებით 16.2 მლნ აშშ დოლარით (27.0 მლნ ლარით) გაიზარდა.