საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2010 წელი, II კვარტალი)
2010 წლის II კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 319.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა კვარტალთან შედარებით 76.5 პროცენტით, ხოლო 2009 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 12.4 პროცენტით მეტია.
საანგარიშო პერიოდში, წინა კვარტალთან შედარებით, საქონლის ექსპორტი 47.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 177.0 მლნ აშშ დოლარით, რის შედეგადაც საქონლით ვაჭრობის ბალანსის დეფიციტი გაიზარდა და 640.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 25.3 პროცენტით მეტია წინა კვატალთან და 24.9 პროცენტით მეტი, 2009 წლის II კვარტალთან შედარებით.
მომსახურების ბალანსი 2010 წლის II კვარტალში დადებითია და 92.1 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, 4.9 პროცენტით მეტს წინა კვარტალთან შედარებით. გაზრდილია როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი. მომსახურების ექსპორტი 357.5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (17.0 პროცენტით მეტი წინა კვარტალთან და 14.1 პროცენტით მეტი 2009 წლის ანალოგიურ პერიოდთან შდარებით), ხოლო მომსახურე¬ბის იმპორტი – 265.5 მლნ აშშ დოლარია (21.9 პროცენტით და 12.9 პროცენტით მეტი შესაბამისად, წინა კვარტალთან და 2009 წლის II კვარტლებთან შედარებით).
მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი ბალანსით ტურისტული მომსახურება ხასიათდება (88.0 მლნ აშშ დოლარი), რომელიც 2010 წლის II კვარტალში I კვარტალ¬თან შედარებით 36.6 პროცენტით, ხოლო 2009 წლის II კვარტალთან შედარებით 38.1 პროცენტით გაიზარდა. მეორე დადებითი კომპონენტია სატრანსპორტო მომსახურება (33.8 მლნ აშშ დოლარი), რომლის ექსპორტი წინა კვარტალთან შედარებით, 5.1 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.4 პროცენტით გაიზარდა. სატრანსპორტო მომსახურების იმპორტი გაიზარდა წინა კვარტალთან შედარებით 23.6 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.3 პროცენტით.
შემოსავლის ბალანსი 2010 წლის II კვარტალში უარყოფითი იყო და 8.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შემოსავლის კრედიტი 100.5 მლნ აშშ დოლარია, 6.8 პროცენტით მეტი წინა კვარტალის და 6.1 პროცენტით ნაკლები 2009 წლის II კვარტალის მაჩვენებელზე. შემოსავლის დებეტმა 109.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 17.5 პროცენტით ნაკლებია წინა კვარტალთან და 24.4 პროცენტით ნაკლები გასული წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით.
მიმდინარე ტრანსფერების მოცულობა მიმდინარე ანგარიშის ყველაზე მაღალი დადებითი კომპონენტია და 2010 წლის II კვარტალში 237.2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა კვარტალთან შედარებით 15.4 პროცენტით ნაკლებია, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 26.8 პროცენტით მეტი. აქედან, 254.5 მლნ აშშ დოლარი მიღე¬ბული, ხოლო 17.2 მლნ აშშ დოლარი გაცემული ტრანსფერებია. 2010 წლის II კვარტალში სამთავრობო სექტორის წმინდა ტრანსფერები წინა კვარტალთან შედარებით 59.0 პროცენტით (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარები 1.9-ჯერ გაიზარდა), ხოლო სხვა სექტორების ტრანსფერები 5.0 პროცენტით შემცირდა (წინა წლის ანლოგიური პერიოდთან შედარებით კი 22.4 პროცენტით გაიზარდა).
კაპიტალური ტრანსფერების შემოდინება 2010 წლის II კვარტალში 41.4 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა და, 2010 წლის I კვარტალთან შედარებით, 57.8 პროცენტით, ხოლო 2009 წლის II კვარტალთან შედარებით 16.7 პროცენტით არის გაზრდილი. მათში სამთავრობო სექტორის კაპიტალური ტრანსფერების წილი, საანგარიშო პერიოდში 85.8 პროცენტს შეადგენს.
წმინდა უცხოური პირდაპირი ინვესტიციები 2010 წლის II კვარტალში 195.2 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც წინა კვარტალთან შედარე¬ბით 2.6-ჯერ მეტია, ხოლო 2009 წლის II კვარტალთან შედარებით - 9.3 პროცენტით მეტი.
სხვა ინვესტიციების უარყოფითმა სალდომ საანგარიშო პერიოდში 142.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სხვა ინვესტიციების აქტივები საანგარიშო პერიოდში 173.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ვალდებულებები - 31.1 მლნ აშშ დოლარით. სხვა ინვესტიციების აქტივების ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო ბანკების ნაღდი ფულისა და დეპოზიტების მატებით (143.2 მლნ აშშ დოლარი), ხოლო ვალდებულებების ზრდა, სავაჭრო კრედიტის (43.9 მლნ აშშ დოლარი) მატებით.
სარეზერვო აქტივები 2010 წლის II კვარტალში 259.5 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, უცხოური ვალუტა შემცირდა 257.4 მლნ აშშ დოლარით და 2.0 მლნ აშშ დოლარით ნასესხობის სპეციალური უფლება.