საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2009 წ. I კვარტალი)

საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2009 წ. I კვარტალი)

26 ივნისი, 2009

2009 წლის I კვარტალის საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 406.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და მნიშვნელოვნად შემცირდა როგორც 2008 წლის IV კვარტალთან, ისე  I კვარტალთან შედარებით  (13.8 და 50.6 პროცენტით, შესაბამისად), ხოლო 2007 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.2 პროცენტით გაიზარდა.

საანგარიშო პერიოდში შემცირდა საქონლით ვაჭრობა – როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი. კერძოდ, 2009 წლის I კვარტალში ექსპორტი, წინა კვარტალთან შედარებით, შემცირდა 15.4 პროცენტით და, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 32.9 პროცენტით, ხოლო იმპორტი – 33.7 და 32.1 პროცენტით, შესაბამისად. იმპორტის გაცილებით მნიშვნელოვანმა შემცირებამ განაპირობა საქონლით ვაჭრობის ბალანსის გაუმჯობესება, რომლის დეფიციტმა 615.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – 41.1 პროცენტით ნაკლები წინა კვატალთან და 31.6 პროცენტით ნაკლები, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით.

მომსახურების ბალანსი 2009 წლის I კვარტალში დადებითია და 41.0 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. აქედან,  მომსახურების ექსპორტი 264.5 მლნ აშშ დოლარია (წინა კვარტალთან შედარებით შემცირდა 12.2 პროცენტით, ხოლო 2008 წლის I კვარტალთან შედარებით – 5.6 პროცენტით), ხოლო მომსახურე¬ბის იმპორტი – 223.6 მლნ აშშ დოლარი (წინა კვარტალ¬თან შედარებით შემცირდა 25.4 პროცენტით, ხოლო 2008 წლის ანალოგიურ პერიოდ¬თან შედარებით 13.1 პროცენტით).

მომსახურებით ვაჭრობიდან დადებითი ბალანსით ხასიათდება ტურისტული მომსახურების ბალანსი (38.5 მლნ აშშ დოლარი), რომელიც 2009 წლის I კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11.1 პროცენტით, ხოლო წინა კვარტალ¬თან შედარებით 23.5 პროცენტით შემ¬ცირდა. მეორე დადებითი კომპონენტია სატრანსპორტო მომსახურება (36.0 მლნ აშშ დოლარი), რომლის ექსპორტი წინა კვარტალთან შედარებით, 2.9 პროცენტით და წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.9 პროცენტით შემცირდა, ხოლო იმპორტი უფრო მეტად შემცირდა , 30.9 და 22.7 პროცენტით შასაბამისად.  უარყოფითი სალდოთი გამოირჩევა სადაზღვევო მომსახურება, სხვა საქ¬მიანი, საფინანსო და სამშენებლო მომსახურების სექტორები (-21.4, -7.3, -2.8  და -2.1 მლნ აშშ დოლარი, შესაბამისად).

შემოსავლის ბალანსი 2009 წლის I კვარტალში უარყოფითია, 7.6 მლნ აშშ დოლარი. შემოსავლის კრედიტი 93.8 მლნ აშშ დოლარია, რაც 2007-2008 წწ. ყველაზე დაბალი მაჩვენებელია და 27.4 პროცენტით ნაკლებია წინა კვარტალის და 14.9 პროცენტით ნაკლები – 2008 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსავლის დებეტი 101.4 მლნ აშშ დოლარია, რაც 76.9 პროცენტით მეტია წინა კვარტალის და 54.8 პროცენტით ნაკლები წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით.

მიმდინარე ტრანსფერების მოცულობა, 2009 წლის I კვარტალში, მიმდინარე ანგარიშის  ყველაზე მაღალი დადებითი კომპონენტია და 176.2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 2.8-ჯერ ნაკლებია წინა კვარტალთან შედარებით და 4,5 პროცენტით მეტი, წინა წლის I კვარტალთან შედარებით. აქედან, 193.3 მლნ აშშ დოლარი მიღე-ბული, ხოლო 17.0 მლნ აშშ დოლარი გაცემული ტრანსფერებია. 2009 წლის I კვარტალში  შემცირდა როგორც სახელმწიფო სექტორის, ასევე სხვა სექტორების ტრანსფერები. წინა კვარტალთან შედარებით, სახელმწიფო სექტორის ტრანსფერები, შემცირდა 95.1  პროცენტით და 14.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო სხვა სექტორის ტრანსფერები  შემცირდა  21.1 პროცენტით და 161,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

კაპიტალური ტრანსფერები 2009 წლის I კვარტალში 31.2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და, 2008 წლის IV კვარტალთან შედარებით, 31.8 პროცენტითაა შემცირებული, ხოლო 2008 წლის I კვარტალთან შედარებით 1.8-ჯერ არის გაზრდილი. საანგარიშო პერიოდში სამთავრობო სექტორის კაპიტალური ტრანსფერები 30.1 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, 25.5  პროცენტით ნაკლებს წინა კვარტალთან, ხოლო 2.4–ჯერ მეტს წინა წლის შესაბამის კვარტალტან შედარებით.

პირდაპირი ინვესტიციები 2009 წლის I კვარტალში 124.5 მლნ აშშ დოლარს უდრის, რაც, წინა კვარტალთან შედარე¬ბით, 2.3–ჯერ, ხოლო 2008 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით – 4.3–ჯერ ნაკლებია. ინვესტიციების კლება დაფიქსირდა როგორც სააქციო, ასევე სხვა კაპიტალში.

საქართველოში განხორციელებული პორტფელის ინვესტიციები 2009 წლის I კვარტალში უმნიშვნელოა – 6.5 მლნ აშშ დოლარი.

სხვა ინვესტიციების სალდომ საანგარიშო პერიოდში 278.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სხვა ინვესტიციების სალდო, წინა კავრტალთან შედარებით, 30.6  პროცენტით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27.6 პროცენტით გაიზარდა. რაც როგორც აქტივების შემცირებამ (I კვარტალში შემცირდა 232.7 მლნ აშშ დოლარით), ასევე ვალდებულებების (45.8 მნლ აშშ დოლარი) ზრდამ გამოიწვია. სხვა აქტივების 99.3 პროცენტი ნაღდი ფული და დეპოზიტებია (231.1 მლნ აშშ დოლარი), ხოლო ვალდებულებების ზრდა მთლიანად სესხებმა განაპირობა. საანგარიშო პერიოდში სესხი 95.0 მლნ აშშ დოლა¬რით გაიზარდა. ზრდა, კომერციული ბანკების გარდა, ყველა სექტორში დაფიქსირდა. ეროვნული ბანკის სესხი 179.9 მლნ აშშ დოლარით, სამთავრობო სექტორის სესხი 26.8 მლნ აშშ დოლარით, ხოლო სხვა სექტორების სესხები  3.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში კომერციული ბანკების სესხი 115.0 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

სარეზერვო აქტივები 2009 წლის I კვარტალში გაიზარდა 59.8 მლნ აშშ დოლარით, მათ შორის უცხოური ვალუტა გაიზარდა 69.6 მლნ აშშ დოლარით, ხოლო ნასესხობის სპეციალურ უფლებათა ანგარიში შემცირდა 9.8 მლნ აშშ დოლარით.

სხვა სიახლეები