საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2009 წელი, III კვარტალი)

საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2009 წელი, III კვარტალი)

28 დეკემბერი, 2009

2009 წლის III კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 228.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა კვარტალთან შედარებით 8.1 პროცენტით ნაკლებია. 2008 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით კი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი კიდევ უფრო მნიშვნელოვნად, დაახლოებით 3–ჯერ შემცირდა.

საანგარიშო პერიოდში, წინა კვარტალთან შედარებით საქონლის ექსპორტი 24.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 96.4 მლნ აშშ დოლარით, რის შედეგადაც საქონლით ვაჭრობის ბალანსის დეფიციტი გაღრმავდა და 583.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – 14.1 პროცენტით მეტი წინა კვატალთან და 34.7 პროცენტით ნაკლები, 2008 წლის III კვარტალთან შედარებით.

მომსახურების ბალანსი 2009 წლის III კვარტალში დადებითია და 130.0 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. აქედან,  მომსახურების ექსპორტი 378.6 მლნ აშშ დოლარია (შესაბამისად, 20.8 და 16.5 პროცენტით მეტი წინა კვარტალთან და 2008 წლის ანალოგიურ პერიოდთან შდარებით), ხოლო მომსახურე¬ბის იმპორტი – 248.6 მლნ აშშ დოლარი (წინა კვარტალ¬თან შედარებით გაიზარდა 5.9 პროცენტით, ხოლო 2008 წლის III კვარტალთან შედარებით 26.9 პროცენტით არის შემცირებული).

მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი ბალანსით ხასიათდება ტურისტული მომსახურება (105.1 მლნ აშშ დოლარი), რომელიც 2009 წლის III კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 45.3, ხოლო წინა კვარტალთან შედარებით 64.9 პროცენტით გაიზარდა. მეორე დადებითი კომპონენტია სატრანსპორტო მომსახურება (29.3 მლნ აშშ დოლარი), რომლის ექსპორტი წინა კვარტალთან შედარებით, 10.6 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.2 პროცენტით გაიზარდა. სატრანსპორტო მომსახურების იმპორტმა წინა კვარტალთან შედარებით 12.1 პროცენტით იმატა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.8 პროცენტით იკლო, რაც ძირითადად სატვირთო გადაზიდვების მოცულობამ განაპირობა. უარყოფითი სალდოთი გამოირჩევა მომსახურებით ვაჭრობის მხოლოდ ერთი კომპონენტი, კერძოდ კი სადაზღვევო მომსახურება (-22.7 მლნ აშშ დოლარი).

შემოსავლის ბალანსი 2009 წლის III კვარტალში უარყოფითია, 27.8 მლნ აშშ დოლარი. შემოსავლის კრედიტი 118.7 მლნ აშშ დოლარია, რაც 10.8 პროცენტით მეტია წინა კვარტალის და 8.6 პროცენტით ნაკლები – 2008 წლის III კვარტლის მაჩვენებელზე. მნიშვნელოვნად გაიზარდა შემოსავლის დებეტი  და 146.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 32.7 და 18.6 პროცენტით მეტია წინა კვარტალის და გასული წლის მესამე კვარტალთან შედარებით.

მიმდინარე ტრანსფერების მოცულობა, 2009 წლის III კვარტალში, მიმდინარე ანგარიშის  ყველაზე მაღალი დადებითი კომპონენტია და 252.6 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც მეტია როგორც წინა კვარტალთან, ასევე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით (35.1 და 13.2 პროცენტით, შესაბამისად). აქედან, 271.2 მლნ აშშ დოლარი მიღე¬ბული, ხოლო 18.6 მლნ აშშ დოლარი გაცემული ტრანსფერებია. 2009 წლის III კვარტალში სახელმწიფო სექტორის ტრანსფერები წინა კვარტალთან შედარებით 2.6–ჯერ, ხოლო სხვა სექტორების ტრანსფერები 27.2 პროცენტით გაიზარდა.

კაპიტალური ტრანსფერები 2009 წლის III კვარტალში 43.4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და, II კვარტალთან შედარებით, 22.3 პროცენტით, ხოლო 2008 წლის III კვარტალთან შედარებით თითქმის 2-ჯერ არის გაზრდილი. მათგან, სამთავრობო სექტორის კაპიტალური ტრანსფერები, საანგარიშო პერიოდში 39.8 მლნ აშშ დოლარია, 21.1  პროცენტით მეტი წინა კვარტალთან, ხოლო თითქმის 2–ჯერ მეტი წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით.

პირდაპირი ინვესტიციები 2009 წლის III კვარტალში 228.2 მლნ აშშ დოლარს უდრის, რაც წინა კვარტალთან შედარე¬ბით, 49.6 პროცენტით, ხოლო 2008 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით – 2.3–ჯერ მეტია. ინვესტიციების მატება დაფიქსირდა სააქციო კაპიტალში, ხოლო პირდაპირმა ინვესტიციებმა სხვა კაპიტალში მოიკლო.

სხვა ინვესტიციების სალდომ საანგარიშო პერიოდში 391.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ანუ წინა კვარტალთან შედარებით 7.0–ჯერ, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.9 პროცენტით გაიზარდა, რაც როგორც აქტივების (147.0 მლნ აშშ დოლარი), ასევე ვალდებულებების (538.2 მლნ აშშ დოლარი) მნიშვნელოვანმა ზრდამ განაპირობა. სხვა ინვესტიციების აქტივების ზრდა ძირითადად ნაღდი ფულის და დეპოზიტების მატებით არის გამოწვეული, კერძოდ კი საბანკო სექტორში (163.8 მლნ აშშ დოლარი). ვალდებულებების ზრდა სესხების მატების შედეგია. საანგარიშო პერიოდში, სამთავრობო სექტორის სესხები 284.9 მლნ აშშ დოლა¬რით, ხოლო ეროვნული ბანკის ვალდებულებები 37.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. მატება დაფიქსირდა სხვა სექტორების საგარეო ვალდებულებებშიც (36.7 მლნ აშშ დოლარი). 2009 წლის III კვარტალში, შემცირდა მხოლოდ კომერციული ბანკების საგარეო სესხები (102.2 მლნ აშშ დოლარით).

2009 წლის აგვისტო–სექტემბერში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განახორციელა აპრილში მიღებული გადაწყვეტილება ნასესხობის სპეციალური უფლებების (ნსუ) ახალი განაწილების შესახებ. ამის შედეგად, საქართველომ მიიღო  ნსუ–ს  მნიშვნელოვნად გაზრდილი რაოდენობა. რომლის ასახვაც, ერთის მხრივ, მოხდა სარეზერვო აქტივებში, ხოლო მეორეს მხრივ სხვა ინვესტიციების სხვა გრძელვადიან ვალდებულებებში (იმავე სავალუტო ფონდის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ყოველივე ზემოთ აღნიშნული დაფიქსირებულიყო როგორ საგადასახდელო ბალანსის ოპერაცია). აქედან გამომდინარე, 2009 წლის III კვარტალში, ეროვნული ბანკის სხვა გრძელვადიანმა ვალდებულებებმა 225.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2009 წლის III კვარტალში 467.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა სარეზერვო აქტივები. აქედან, როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, მნიშვნელოვნად გაიზარდა ნასესხობის სპეციალურ უფლებათა ანგარიში (210.4 მლნ აშშ დოლარით), უცხოური ვალუტის ზრდამ კი 256.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

სხვა სიახლეები