საქართველოს საბანკო სივრცეში მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ბანკი შემოვიდა

საქართველოს საბანკო სივრცეში მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ბანკი შემოვიდა

27 ივნისი, 2007
მსოფლიოში ერთ-ერთმა საბანკო გიგანტმა ბრიტანულმა HSBC-ბანკმა საქართველოს ეროვნულ ბანკს საქართველოში მისი შვილობილი საბანკო დაწესებულების გახსნის განაცხადი წარუდგინა.   დღეისათვის საქართველოს ეროვნულ ბანკში განხილვის პროცესშია HSBC-ბანკის მიერ წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე შემოსვლის განაცხადი. ბრიტანული საფინანსო გიგანტის მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში წარმოდგენილი განაცხადის თანახმად, HSBC-ჯგუფს საფუძვლიანად აქვს შესწავლილი საქართველოს საბანკო ბაზარზე უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე განვითარებული პოზიტიური დინამიკა. ამას ადასტურებს მათი მხრიდან წარმოდგენილი ქართულ საბანკო სივრცეში შემოსვლისა და დამკვიდრების გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი  სტრატეგია. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, არსებული პროცედურების მიხედვით ბრიტანული საფინანსო ჯგუფი HSBC საბანკო საქმიანობის ლიცენზიას ახლო მომავალში მიიღებს.     საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რომან გოცირიძის განცხადებით, „საქართველოს საბანკო სისტემის მიმართ უცხოური კაპიტალის ინტერესი შესამჩნევად გაიზარდა, რაც, პირველ ყოვლისა, ბანკებში შემოდინებული კაპიტალის ნაკადის მასშტაბებითა და მოცულობებით გამოიხატება. ქართული ბანკების წილი შეიძინა რამდენიმე საკმაოდ სოლიდურმა უცხოურმა საბანკო ინსტიტუტმა“.   HSBC მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ბანკია. 2006 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, HSBC-ის მთლიანი აქტივების მოცულობა 862.7 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა.   HSBC უნივერსალურ საფინანსო ჯგუფში შემავალი HSBC-ბანკის მიმართულებები მოიცავს უნივერსალური საფინანსო მომსახურების სრულ პაკეტს, კომერციულ, კორპორაციულ, საინვესტიციო და საერთაშორისო საბანკო საქმეს.   2006 წლის ბოლოსათვის HSBC-ბანკს გააჩნდა 1 505 ფილიალი დიდ ბრიტანეთში. ამავე პერიოდისთვის მისი ფილიალები ფუნქციონირებდა ავსტრალიაში, ბელგიაში, ჩეხეთში, საფრანგეთში, საბერძნეთში, ირლანდიაში, ისრაელში, იტალიაში, ნიდერლანდებში, სლოვაკეთში, სამხრეთ აფრიკაში, ესპანეთსა და შვედეთში, ხოლო წარმომადგენლობები –  არგენტინაში, ჩილეში, კვიპროსში, ჰონგ-კონგში, პანამასა და ვენესუელაში. ამასთან,  HSBC - ბანკმა უკვე დააფუძნა ბანკები, ანუ  აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა სომხეთში, ჩეხეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, უნგრეთში, ირლანდიაში, ყაზახეთში, ლუქსემბურგში, მალტაში, პოლონეთში, რუსეთში, შვეიცარიასა და თურქეთში.   ცნობილმა ბრიტანულმა ეკონომიკურმა გამოცემამ „Euromoney“ (2007 წლის ივნისის ნომერი), 2006 წლის ფინანსურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა მსოფლიოს 10 უმსხვილესი ბანკის სია, რომელშიც HSBC-ბანკი მეოთხე ადგილზეა.   „უცხოური ბანკების მიერ ქართული ბანკების კაპიტალში ინვესტირებით დაინტერესება, უმთავრესად, ქვეყნისადმი ინტერესის გაღრმავებით, ეკონომიკისა და საბანკო საქმიანობის სრულყოფა-განვითარებით არის ნაკარნახევი. საერთაშორისო ბიზნესში ცნობილი კომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა ყოველთვის დიდ ყურადღებას იქცევს ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, ასევე გარკვეულწილად ზემოქმედებს სხვა ინვესტორის განწყობაზეც. ამდენად, ეს ფაქტორი უფრო მეტად ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზე ახდენს დადებით გავლენას, ამ შემთხვევაში კი საქართველოს საბანკო სისტემაზე, რომელსაც დამატებითი კაპიტალი და იაფი საკრედიტო რესურსები ესაჭიროება“, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ.
სხვა სიახლეები