საქართველოს საბანკო ბაზარზე უკრაინული „პრივატბანკი“ შემოდის

საქართველოს საბანკო ბაზარზე უკრაინული „პრივატბანკი“ შემოდის

15 მაისი, 2007
სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ უკრაინული „პრივატბანკის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ალექსანდრე დუბილეტმა და ქართული „ტაობანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ვლადიმერ უგულავამ მოაწერეს ხელი შეთანხმებას „პრივატბანკის“ მიერ „ტაობანკის“ აქციების საკონტროლო პაკეტის (75 პროცენტის) ყიდვის შესახებ.   ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი გიორგი არველაძე, სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში კახა ბენდუქიძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი პეტრე ცისკარიშვილი. ასევე საქართველოს საქმიანი წრეების წარმომადგენლები.   შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ გაიმართა ბრიფინგი პრესისათვის.   „პრივატბანკის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ალექსანდრე დუბილეტის განცხადებით, „პრივატბანკის” შემოსვლა მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოს საფინანსო სექტორის განვითარებისათვის, არამედ მცირე ბიზნესისათვისაც, რადგან, მისი თქმით, ეკონომიკის აღნიშნული სექტორი უკრაინული ბანკის ინტერესის არეალში შედის.     საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა გიორგი არველაძემ საბანკო სექტორს საქართველოს ეკონომიკის ყველაზე სწრაფად განვითარებადი დარგი უწოდა.   „საქართველოს საბანკო სისტემაში უკვე წარმოადგენილია საქართველოს ყველა უმსხვილესი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორი ქვეყანა. ორი წლის წინ კი საქართველოს საბანკო სექტორში 700 მილიონი აშშ დოლარის განთავსებას ვერავინ წარმოიდგენდა,“ – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ. მისი თქმით, არა მხოლოდ საქართველოში შემოდიან უცხოური ბანკები, არამედ სახეზეა სხვა ტენდენციაც, ქართული ბანკები გადიან უცხოეთის ბაზრებზე – „საქართველოს ბანკმა“ უკრაინაში შეიძინა ადგილობრივი ბანკი, „თიბისი ბანკმა“ კი აზერბაიჯანული ბანკი იყიდა.   „პრივატბანკი“  15 წლის წინ დაარსდა. ის უკრაინის უმსხვილესი ბანკია, რომლის აქტივებიც 1 აპრილის მდგომარეობით 8 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. „პრივატბანკს“ ფილიალი აქვს კვიპროსზე, ასევე შვილობილი ბანკები რუსეთსა („მოსკოვპრივატბანკი“) და ლატვიაში („პარიტეტ ბანკი“).   
სხვა სიახლეები