საქართველოს პარლამენტი 2009 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს ამტკიცებს
2008 წლის 18 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული 2009 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი, პარლამენტის მიერ განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, შეიმუშავებს და ახორციელებს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკას.
საქართველოს პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას დავით ამაღლობელმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების არსებულ ეტაპზე, საქართველოს ეროვნული ბანკი 2009 წლისათვის საშუალო წლიური ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს ცხრა პროცენტის ოდენობით განსაზღვრავს. 2008 წლისათვის ანალოგიური მაჩვენებელი (საშუალო წლიური ინფლაცია) მოსალოდნელია, რომ 10.5% იყოს. შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ძირითადი მიმართულებები მომავალი წლისათვის ინფლაციის შემცირებაზეა ორიენტირებული.
საქართველოს ეროვნული ბანკი 2009 წლიდან ეტაპობრივად გადადის ინფლაციის თარგეთირებაზე. მიზნობრივი მაჩვენებლის მისაღწევად, საქართველოს ეროვნული ბანკი გამოიყენებს მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმს, რომლის თანახმადაც შესაძლებელია მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთების ცვლილებით ფასების დინამიკაზე გავლენის მოხდენა.
პარლამენტისთვის წარდგენილი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხორციელებით ხელი შეეწყობა ეკონომიკის სტაბილურ და გრძელვადიან ზრდას, რაც გააუმჯობესებს საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობას.
ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად ყოველწიურად წარედგინება.