საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი
საქართველოს მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. გარდა სახელმწიფო საგარეო ვალისა (სამთავრობო და ფულად-საკრედიტო ორგანოების სექტორი), იგი კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალსაც მოიცავს.
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2008 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 6675.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა; აქედან, 2184.1 მლნ აშშ დოლარი სამთავრობო სექტორის, 242.0 მლნ აშშ დოლარი ეროვნული ბანკის, 1873.5 მლნ აშშ დოლარი საბანკო სექტორის, 593.8 მლნ აშშ დოლარი სხვა სექტორების, 1782.0 მლნ აშშ დოლარი კომპანიათაშორის ვალს წარმოადგენდა. მთლიანი საგარეო ვალის 95.6 პროცენტი დენომინირებულია უცხოურ ვალუტაში.
2008 წლის II კვარტალის განმავლობაში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 961.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, 525.0 მლნ სამთავრობო სექტორზე (გაზრდილი ვალის 54.6 პროცენტი), 418.2 მლნ საბანკო სექტორზე მოდის, ეროვნული ბანკის დავალიანება კი 3.4 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. ვალდებულებების ზრდა, ძირითადად, უცხოურ ვალუტაში (905.4 მლნ დოლარი) დაფიქსირდა. რაც შეეხება ვალს ეროვნულ ვალუტაში, ის საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 56.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 294.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
სამთავრობო სექტორის საგარეო ვალის ასეთი მნიშვნელოვანი ზრდა გამოწვეული იყო როგორც ახალი ვალების აღებით (ძირითადად, მსოფლიო ბანკიდან), ისე ევროობლიგაციების გამოშვებით. ამ უკანასკნელმა, II კვარტალში დარიცხულ პროცენტთან ერთად, 507.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ასევე, მნიშვნელოვანი თანხების მობილიზაცია მოახდინეს კომერციულმა ბანკებმა. მათ მიერ მოზიდულმა მოკლევადიანმა სესხებმა, წმინდა სახით, 160.5 მლნ აშშ დოლარი, ხოლო გრძელვადიანმა - 153.4 მლნ დოლარი შეადგინა. დეპოზიტებისა და სხვა მოკლევადიანი სასესხო ვალდებულებების ზრდა 104.0 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.
საანგარიშო პერიოდში საკურსო ცვლილებამ, წინა პერიოდისგან განსხვავებით, საგარეო ვალის შემცირება გამოიწვია. მართალია, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში მატულობდა, რამაც ეროვნული ვალუტით აღებული ვალის ზრდა გამოიწვია, მაგრამ გაცილებით მეტი ეფექტი ჰქონდა კვარტალის ბოლოს ნსუ და ევროს კურსის დოლართან მიმართებით უმნიშვნელო შემცირებას. მლიანად, სავალუტო კურსის ცვლილების გამო მთლიანი საგარეო ვალი 2.5 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.