საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი
საქართველოს მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო და ფულად-საკრედიტო ორგანოების სექტორი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს. საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2008 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 7302.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა; აქედან, 2260.7 მლნ აშშ დოლარი (31.0%) სამთავრობო სექტორის ვალი, 460.2 მლნ აშშ დოლარი (6.3%) საქართველოს ეროვნული ბანკის, 1874.3 მლნ აშშ დოლარი (25.7%) საბანკო სექტორის, 778.9 მლნ აშშ დოლარი (10.7%) სხვა სექტორებისა და 1928.2 მლნ აშშ დოლარი (26.4%) კომპანიათაშორისი ვალი იყო. მთლიანი საგარეო ვალის 97.4 პროცენტი დენომინირებულია უცხოურ ვალუტაში.
2008 წლის IV კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 159.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, 106.8 მლნ სამთავრობო სექტორზე (გაზრდილი ვალის 67.2%) მოდის, ასევე მნიშვნელოვნად (72.1 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა კომპანიათაშორისი ვალი, ხოლო ეროვნული ბანკის და საბანკო სექტორის დავალიანება შემცირდა, შესაბამისად, 7.1 და 16.5 მლნ აშშ დოლარით. ვალდებულებების ზრდა დაფიქსირდა უცხოურ ვალუტაში (243.6 მლნ დოლარი). რაც შეეხება ეროვნული ვალუტით ვალს, იგი პერიოდის განმავლობაში 84.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა და 191.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
სამთავრობო სექტორის საგარეო ვალის ასეთი მნიშვნელოვანი ზრდა გამოწვეული იყო ახალი ვალის აღებით (ძირითადად, მსოფლიო ბანკიდან, 129.0 მლნ აშშ დოლარი), რომელიც შემცირდა ადრე აღებული ვალის ნაწილის დაფარვით (13.0 მლნ აშშ დოლარი). საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეროვნულ ბანკს ახალი ვალი არ აუღია, ადგილი ჰქონდა 1.3 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ძირითადი ვალის გადახდას და საკურსო ცვლილებებით ვალის 5.1 მლნ აშშ დოლარით შემცირებას.
საბანკო სექტორში გრძელდება მოკლევადიანი ვალის გრძელვადიანი ვალით ჩანაცვლების პროცესი. საანგარიშო პერიოდში საბანკო სექტორის მოკლევადიანი ვალი 101.3 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო გრძელვადიანი - 93.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.
სხვა სექტორების საგარეო დავალიანების ოპერაციული ცვლილებებით გამოწვეულმა ზრდამ 53.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, აქედან, გრძელვადიანი – 14.1 მლნ აშშ დოლარი და მოკლევადიანი – 39.7 მლნ აშშ დოლარი. რაც შეეხება საკურსო ცვლილებებს, მან -50.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამ სექტორში დიდი საკურსო ცვლილება გამოწვეულია იმით, რომ აქ დიდია ეროვნული ვალუტით დენომინირებული ვალის მოცულობა, განსაკუთრებით, სავაჭრო კრედიტებში.