საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი
მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს.
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 2010 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 9664.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა; აქედან, 3322.2 მლნ აშშ დოლარი იყო სამთავრობო სექტორის ვალი (34.4%), 876.4 მლნ აშშ დოლარი (9.1%) – ეროვნული ბანკის, 1582.0 მლნ აშშ დოლარი (16.4%) – საბანკო სექტორის, 1664.9 მლნ აშშ დოლარი (17.2%) – სხვა სექტორებისა და 2219.4 მლნ აშშ დოლარი (23.0%) – კომპანიათაშორისი ვალი. მთლიანი საგარეო ვალის 95.0 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
2010 წელს საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 1003.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა; აქედან 582.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა სამთავრობო სექტორის უცხოური ვალდებულებები. ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 37.5 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. საბანკო სექტორის უცხოური ვალდებულებები 83.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. 294.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა სხვა სექტორების საგარეო ვალდებულებები, აქედან, 260.9 მლნ აშშ დოლარი საქართველოს რკინიგზის ევრობონდები და მასზე დარიცხული პროცენტები იყო. საანგარიშო პერიოდში, ზრდა განიცადა უცხოურმა კომპანიათაშორისმა სესხებმა, სადაც მატებამ 80.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
საგარეო ვალდებულებების ზრდა დაფიქსირდა ძირითადად უცხოური ვალუტით. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში უცხოური ვალუტით დენომინირებული საგარეო ვალდებულებების მოცულობა 910.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და პერიოდის ბოლოსათვის 9180.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ეროვნული ვალუტით დენომინირებული საგარეო ვალი 93.4 მლნ აშშ დოლარი მატებით, 484.8 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.
სამთავრობო სექტორის საგარეო ვალი ოპერაციული ცვლილების შედეგად 621.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო ცვლილებით 38.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.
2010 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები, როგორც უკვე აღინიშნა, 37.5 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, 21.2 მლნ აშშ დოლარი ოპერაციული ცვლილების, ხოლო 16.3 მლნ. აშ დოლარი საკურსო ცვლილებების შედეგია.
საბანკო სექტორში, საანგარიშო პერიოდში, გრძელვადიანი საგარეო ვალდებულებები 2.5 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. თუმცა ადგილი ჰქონდა საბანკო სექტორში არსებული მოკლევადიანი საგარეო ვალის ზრდას – 85.7 მლნ აშშ დოლარით. საკურსო ცვლილებების გამო, საბანკო სექტორის საგარეო ვალმა, 2010 წელს 5.7 მლნ აშშ დოლარით მოიკლო.
სხვა სექტორების საგარეო ვალი, ოპერაციული ცვლილების შედეგად, 227.0, ფასის და სხვა ცვლილების შედეგად კი 98.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო ცვლილებით - 30.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.
კომპანიათაშორის სესხები ოპერაციული ცვლილების შედეგად 107.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო და სხვა ცვლილებების შედეგად შესაბამისად 16.1 და 10.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.
მთლიანი საგარეო ვალის ზრდამ 2010 წელს ოპერაციული ცვლილებებით 1023,4 მლნ აშშ დოლარი, ხოლო ფასის და სხვა ცვლილებით 88.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საკურსო ცვლილებების შედეგად მთლიანი საგარეო ვალი 2010 წელს 107.6 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.