საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი
მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს.
დღეიდან ეროვნული ბანკი იწყებს საგრეო ვალის შესახებ დამატებით კიდევ ერთი ცხრილის პუბლიკაციას, რომელშიც საგარეო ვალის ნაშთების გარდა ასახულია საგარეო ვალის ცვლილების დეტალები. გარდა ამისა, კიდევ ერთი სიახლეა საგარეო ვალის სტატისტიკაში, კერძოდ, ეროვნული ბანკი ამზადებს და იანვრიდან იწყებს საგარეო ვალის მომსახურების გრაფიკის პუბლიკაციას. გადახდის გრაფიკები (ძირითადი ვალისა და პროცენტის) გამოქვეყნდება საანგარიშო პერიოდის გასვლიდან არაუგვიანეს მე-100 დღისა. შესაბამისად, 2012 წლის 10 იანვრამდე ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსდება ინფორმაცია 2011 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით არსებული საგარეო ვალის მომსახურების გრაფიკის შესახებ.
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 2011 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 10.8 მილიარდი აშშ დოლარი (17.9 მილიარდი ლარი) შეადგინა; აქედან, 3.6 მილიარდი აშშ დოლარი (5.9 მილიარდი ლარი) იყო სამთავრობო სექტორის ვალი (33.2%), 866.6 მლნ აშშ დოლარი (8.0%) (1.4 მილიარდი ლარი) – ეროვნული ბანკის, 2.0 მილიარდი აშშ დოლარი (18.1%) (3.2 მილიარდი ლარი) – საბანკო სექტორის, 1.9 მილიარდი აშშ დოლარი (17.4%) (3.1 მილიარდი ლარი) – სხვა სექტორებისა და 2.5 მილიარდი აშშ დოლარი (23.3%) (4.2 მილიარდი ლარი) – კომპანიათაშორისი ვალი. მთლიანი საგარეო ვალის 95.3 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
2011 წლის მესამე კვარტალში, მეორე კვარტალთან შედარებით საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 235.0 მლნ აშშ დოლარით (390.0 მლნ ლარით) გაიზარდა, აქედან ოპერაციულ ცვლილების გამო ვალი 403.2 მლნ აშშ დოლარით (669.1 მლნ ლარი) გაიზარდა, სხვა ცვლილებების შედეგად - 4.4 მლნ აშშ დოლარით (7.3 მლნ ლარი). ხოლო საკურსო და ფასის ცვლილებების გამო შესაბამისად 125.4 და 47.3 მლნ აშშ დოლარით შემცირდა (შესაბამისად 208.0 და 78.4 მლნ ლარი).
სამთავრობო სექტორის უცხოური ვალდებულებები საანგარიშო პერიოდში 8.4 მლნ აშშ დოლარით (13.9 მლნ ლარით) შემცირდა. აქედან ფასის და საკურსო ცვლილებების შედეგად კლებამ 85.9 მლნ აშშ დოლარი (142.5 მლნ ლარი) შეადგინა, ხოლო ოპერაციული ცვლილებების შედეგად გაიზარდა 77.5 მლნ აშშ დოლარით (128.6 მლნ ლარი).
საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 29.8 მლნ აშშ დოლარით (49.5 მლნ ლარით) შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების შედეგად ეროვნული ბანკის ვალდებულებები 8.3 მლნ აშშ დოლარით (13.7 მლნ ლარით) და საკურსო ცვლილების შედეგად 21.6 მლნ აშშ დოლარით (35.8 მლნ ლარით) შემცირდა.
საბანკო სექტორის უცხოური ვალდებულებები 129.0 მლნ აშშ დოლარით (214.1 მლნ ლარით) გაიზარდა, რაც გამოწვეულია ოპერაციული ცვლილებების შედეგად 138.5 მლნ აშშ დოლარის (229.8 მლნ ლარით) ზრდით და საკურსო ცვლილებების შედეგად 9.5 მლნ აშშ დოლარის (15.7 მლნ ლარით) კლებით. საბანკო სექტორის ოპერაციული ცვლილებების შედეგად გაზრდილი ვალდებულებების 91.4 % (126.5 მლნ აშშ დოლარი ანუ 209.9 მლნ ლარი) ბანკების მოკლევადიან ვალდებულებებზე მოდის, ხოლო გრძელვადიანი ვალდებულებები, ოპერაციული ცვლილებების გამო 8.6 პროცენტით გაიზარდა (11.9 მლნ აშშ დოლარი და 19.8 მლნ ლარი).
სხვა სექტორების საგარეო ვალდებულებები108.5 მლნ აშშ დოლარით (180.0 მლნ ლარით) გაიზარდა, აქედან 94.3 მლნ აშშ დოლარი (156.5 მლნ ლარი) არასაფინანსო კორპორაციების საგარეო ვალდებულებებზე მოდის, რაც სხვა სექტორების გაზრდილი ვალდებულებების 87.0 პროცენტს შეადგენს. სხვა სექტორების საგარეო ვალი, ოპერაციული ცვლილების შედეგად, 141.0 მლნ აშშ დოლარით (234.0 მლნ ლარით) და სხვა ცვლილებების შედეგად 12.3 მლნ აშშ დოლარით (20.3 მლნ ლარით) გაიზარდა, ხოლო ფასის და საკურსო ცვლილებების შედეგად შესაბამისად 26.4 მლნ აშშ დოლარით (43.9 მლნ ლარით) და 18.4 მლნ აშშ დოლარით (30.6 მლნ ლარით) შემცირდა.
საანგარიშო პერიოდში, უცხოური კომპანიათაშორისი სესხები, 35.8 მლნ აშშ დოლარით (59.4 მლნ ლარით) გაიზარდა. ოპერაციული ცვლილების შედეგად კომპანიათაშორისო სესხებმა 54.5 მლნ აშშ დოლარით (90.5 მლნ ლარით) მოიმატა, ხოლო საკურსო და სხვა ცვლილებების შედეგად, შესაბამისად, 10.9 მლნ აშშ დოლარით (18.1 მლნ ლარით) და 7.9 მლნ აშშ დოლარით (13.0 მლნ ლარით) შემცირდა.
საგარეო ვალდებულებების ზრდა დაფიქსირდა უცხოური ვალუტით, ხოლო ეროვნული ვალუტით დენომინირებული საგარეო ვალი შემცირდა. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში უცხოური ვალუტით დენომინირებული საგარეო ვალდებულებების მოცულობა 240.3 მლნ აშშ დოლარით (398.7 მლნ ლარით) გაიზარდა და პერიოდის ბოლოსათვის 10.3 მილიარდი აშშ დოლარი (17.0 მილიარდი ლარი) შეადგინა. ეროვნული ვალუტით დენომინირებული საგარეო ვალდებულებები საანგარიშო პერიოდში შემცირდა 5.3 მლნ აშშ დოლარით (8.8 მლნ ლარით) და ნაშთმა 2011 წლის 30 სექტემბრის მონაცემებით 510.7 მლნ აშშ დოლარს (848.2 მლნ ლარს) შეადგინა.