საქართველოს მაკროეკონომიკური ტენდენციების პრეზენტაცია

საქართველოს მაკროეკონომიკური ტენდენციების პრეზენტაცია

02 ნოემბერი, 2009

დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ქვეყნის ეკონომიკაში დაფიქსირებულ ბოლოდროინდელ მაკროეკონომიკურ ტენდენციებს კომერციული ბანკების ხელმძღვანელებთან ერთად განიხილავდა.

„საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან ჩვენ გავიარეთ მთავარი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები. სექტემბრის თვე კომერციული ბანკების კონსოლიდირებული მოგებით დასრულდა. ეს არის პირველი თვე ბოლო ცამეტი თვის განმავლობაში, როდესაც ბანკებმა მოგება აჩვენეს. ჩვენმა სავალუტო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და ასევე უპრეცენდენტოდ მაღალია ლიკვიდობა საბანკო სექტორში. მხოლოდ ეს სამი მაჩვენებელი ნათელი დასტურია იმისა, რომ კრიზისის ყველაზე მძიმე ეტაპი დაძლეულია. ჩვენი მთავარი გამოწვევა დღეს არის რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ ის ზრდის ტემპები, რომელიც მანამდე იყო საქართველოში, მხედველობაში მაქვს 2007 წელი და 2008 წლის პირველი ნახევარი“ – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.

მნიშვნელოვნად დასტაბილურდა სავალუტო ბაზარი. საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერვენციები ნულთან ახლოსაა. შეგახსენებთ, რომ 2009 წლის 25 მაისიდან საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებს მხოლოდ სავალუტო აუქციონების მეშვეობით ახორციელებს. ეროვნული ბანკი ყოველდღიურად, ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში ბანკთაშორის ბაზარზე დადებული გარიგებების და სავალუტო აუქციონებზე დაფიქსირებული შედეგების გათვალისწინებით ითვლის დღის საშუალო–შეწონილ კურსს.

გიორგი ქადაგიძის განცხადებით, აგვისტოს დეფლაციის შემდეგ მოსალოდნელია წლის ბოლოს წლიური 3 პროცენტიანი ინფლაცია. მისი თქმით, მართალია გარკვეულად მცირდება საბიუჯეტო ხარჯები 2010 წელს, თუმცა იგი კვლავ მაღალ დონეზე იქნება შენარჩუნებული, რაც უზრუნველყოფს მომავალ წელსაც ეკონომიკური აქტივობის ფისკალურ სტიმულირებას.

2009 წლის ბოლოსთვის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი საგრძნობლად შემცირდება და 13 პროცენტს მიაღწევს. გაუმჯობესებაა ეკონომიკის ისეთ ინდიკატორებში როგორიცაა ვაჭრობა, ექსპორტი. თუკი აქამდე ყოველთვიურად კლებისაკენ მოდიოდა საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მონაცემი, სექტემბერში ეს მაჩვენებელი ზრდისკენ წავიდა და სექტემბერში წლის მანძილზე მაქსიმუმს მიაღწია. შემცირებულია ვაჭრობის კლების ტემპებიც, განსაკუთრებით გაუმჯობესდა ექსპორტი.

დამაიმედებელია ტენდენციები უძრავი და მოძრავი ქონების ბაზრებზე. აღსანიშნავია, რომ საგრძნობლად დასტაბილურდა მდგომარეობა უძრავი და მოძრავი ქონების ბაზრებზე. ასევე, ემისიის დროინდელ დონეს დაუბრუნდა საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ფასი, რაც უცხოელი ინვესტორების ნდობის მაღალ ხარისხზე მიუთითებს.

„ჩვენ ეს პროგნოზები ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ზაფხულში გავაკეთეთ, ეს შესაძლებელი გახდა სწორი და გათვლილი ეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკის შედეგად“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.

პრეზენტაცია

სხვა სიახლეები