საქართველოს კომერციულმა ბანკებმა წელს 65 პროცენტით მეტი სესხი გასცეს, ვიდრე შარშან
30 აგვისტო, 2005
საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ეკონომიკისათვის გაცემული მთლიანი სესხების მოცულობა მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელს 65%-ით აღემატება. 2005 წლის 7 თვის მონაცემებით, ეს ციფრი 1.28 მლრდ ლარს შეადგენს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ რომან გოცირიძის შეფასებით, ბოლო პერიოდში გამოკვეთილი ამგვარი ტენდენცია, უპირველესად, ეროვნული ვალუტისადმი მოსახლეობის ნდობის ამაღლებას, საბანკო სექტორის სტაბილურობასა და სამეწარმეო აქტივობის ზრდას უკავშირდება.
საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელში ყველაზე დიდი წილი – 35% მოდის ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს დაკრედიტებაზე, 29% – ფიზიკური პირების, 12% – სამთომომპოვებელი და გადამამუშავებელი სექტორის, 6% კი მშენებლობისათვის გაცემულ სესხებზე.
ამასთან, საანალიზო პერიოდში, კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობის ზრდის ტემპმა უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების ოდენობას მნიშვნელოვნად გადააჭარბა. 2005 წლის შვიდ თვეში ლარში გაცემული სესხების ოდენობამ, გასული წლის ამავე თარიღისათვის არსებულთან შედარებით, 209%-ით მოიმატა და 274939 ათასი ლარი შეადგინა, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობამ კი – 1007938 ათასი ლარით, რაც შარშანდელ მაჩვენებელზე 47%-ით მეტია.